ირაკლი ალასანია ახალციხეში, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია

   საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ახალციხეში, ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ტანკისტის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, სარდლობების ხელმძღვანელები და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის მეთაურები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. მოწვეულმა სტუმრებმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროს და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. ქართველ ტანკისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელი ეწოდა. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მისი მემორიალური დაფა გახსნა. ცერემონიალს შოთა ხურციძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ლეიტენანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. საზეიმო ღონისძიება წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედროები სამსახურებრივი მოვალეობის შერსულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის დაჯილდოვდნენ. სიგელები გადაეცათ ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლება ,,ვაზიანი -2014” – ში მონაწილეებს. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსთან ერთად ცენტრის ტერიტორიაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკო. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ღია კარის დღე მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებმა გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები