ახალქალაქში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

   ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საძირკველში კაფსულა ჩაუშვეს.
„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო. აქ იყო საბჭოთა ჯარი და დღეს ეს ადგილი თვისობრივად ახალ შინაარსს იძენს. ყველა სამხედრო მოსამსახურე, ჯარისკაცი აქ გაივლის საწყის საბრძოლო მომზადებას. რა თქმა უნდა, აქ უფრო ძლიერი და ინტენსიური გახდება უკვე მთლიანად ამ რაიონის ცხოვრებაც, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ასეთი სამხედრო დატვირთვის ობიექტი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს ეროვნული განვითარებისთვის და ჩვენი ინტერესებისთვის, რომ სწორედ აქ იყოს ასეთი ცენტრი. ეს არის სასწავლო ცენტრი. აქ ყველას, რა თქმა უნდა ადგილობრივ მოსახლეობასაც დიდი შესაძლებლობები გაუჩნდებათ, რადგან, ამ ცენტრს უნდა მომსახურება და სწორედ მომსახურების საკითხები უფრო აქტიურს გახდის აქაური სოფლის მეურნეობის ნაწარმის შესყიდვას და სხვადასხვა სერვისის მიწოდებას ჩვენი ცენტრისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს სამხედროებისთვის, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იქნება“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სამინისტროს ცნობით, ამჟამად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სასადილოსა და შტაბის მშენებლობა მიმდინარეობს. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობა კი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და შტაბის, სასადილოსა და ყაზარმების მშენებლობას მოიცავს. მეორე ეტაპი კი 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს და სპორტ კომპლექსის, სერჟანტებისა და ოფიცრებისთვის საერთო საცხოვრებლების, საბავშვო ბაღის და სხვა ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს. „უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალწვეულები საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან, რის შემდეგაც სხვადასხვა დანაყოფში გადანაწილდებიან. მშენებლობა, შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტის ფარგლებში, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები