მამუკა მდინარაძე: რადიკალური ოპოზიცია ევროპული რეკომენდაციების შესრულებას საბოტაჟს უცხადებს
“რადიკალური ოპოზიცია ხელს უშლის და მეტიც, საბოტაჟს უცხადებს ევროპული რეკომენდაციების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მგონი, ქვეყანას ვერ დააზიანებს, თუმცა, ეს იქნება მათი წარუმატებელი მცდელობა და მათ სახეს მართლა წარმოაჩენს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ პიარშიც დიდი კრახი განიცადა.
„რადიკალურმა ოპოზიციამ ერთი პერიოდი სცადა, რომ რაღაც პარალელური მოქმედებები ჩაეტარებინათ ვითომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. პარალელური პროცესები, რომელიც შეეხებოდა თითქოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, თუმცა, მათ ეს ვერ შეფუთეს ვერც პიარულად. ვითომ, ერთი პერიოდი მათი ძლიერი მხარე იყო პიარი, თუმცა მათ აქაც ძალიან დიდი კრახი განიცადეს, რადგან საბოტაჟის შექმნა და საზოგადოების წინაშე ისე წარმოჩენა, თითქოს, ეს იყოს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით ზრუნვა, წარმოუდგენელია. დღესაც, ისინი არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ უკვე საზოგადოების მიერ მხილებული არიან იმაში, რომ რეალურად, ისინი ხელს უშლიან და მეტიც, საბოტაჟს უცხადებენ ევროპულ რეკომენდაციების შესრულებას, რაც, საბოლოოდ, მგონი, ქვეყანას ვერ დააზიანებს, თუმცა, ეს იქნება მათი წარუმატებელი მცდელობა და მათ სახეს მართლა წარმოაჩენს“, – განაცხადა მდინარაძემ.