„სხვა გზა“ – სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრემიერა გაიმართება (ვიდეო)

3 ნოემბერს, 20:00 საათზე,  კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში სრულმეტრაჟანი მხატვრული ფილმის – „სხვა გზა“ პრემიერა გაიმართება.
მისტიკის ჟანრში გადაღებული ფილმის რეჟისორია: ლაშა მეუნარგია (ლაშამანი);  როლებს ასრულებენ მსახიობები: ანანო ბენაშვილი, გიორგი დევაძე, ანა ბერძენაძე, ზურაბ ორთავიძე, ქეთევან ხარატიშვილი, ლუკა ომიაძე, კესო ცოტაძე, გიორგი ქოჩიაშვილი, დუტა სხირტლაძე, გიორგი მახარაძე, ზაზა კოლელიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, რომა რცხილაძე, გიორგი ცაავა, დათუნა გელაძე (ჩელე), რევაზ ნასიძე, გია გაბრიჭიძე, ნინო კუნჭულია, ნანუკა სიორიძე, სოხუმის თეატრის მსახიობები: ლელა შარაბიძე, ჯულია პაკელიანი, და ენემეო სიდიანი, მუსიკალური თეატრის მსახიობი თამარ ჯიქურიძე.
ფილმის შინაარსი ასეთია: ალექსი და ნატა, მცირეწლოვან შვილთან –  ბაბისთან ერთად,  გადიან ქალაქგარეთ, რათა განმუხტონ ოჯახური კონფლიქტი. ალექსი უეცრად გადაწყვეტს გზის შეცვლას და ოჯახი მიემგზავრება სხვა გზით, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდება. ისინი ეკვეთებიან პარალელურ სამყაროს, სადაც თავის დროზე საბედისწერო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შეძლებს თუ არა ოჯახი გამოსავლის მოძებნას, გადაეკვეთება თუ არა მოქმედი გმირების გზები, იცის მხოლოდ მათმა საკუთარმა ქვეცნობიერებამ…

ქეთევან ხარატიშვილი:
– ეს ფილმი მე და ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა ლაშა მეუნარგიამ გადავიღეთ, რომლის პროდიუსერიც, მხატვარიც, მსახიობიც, გამნათებელიც, მემონტაჟეც, მძღოლიც და ა.შ. ჩვენ  – მე, ლაშა და მისი მეუღლე ვიყავით.
ფილმის ჟანრია მისტიკა. მას 3 წელი ვიღებდით, მერე მთლიანად გადავახმოვანეთ სტუდიაში, მოვიარეთ ფესტივალები, ავიღეთ 4 ჯილდო და 5-ის ფინალისტები ვართ. ჰოდა, გვეღირსა, 3 ნოემბერს გვაქვს პრემიერა, კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში. ფილმი შექმნილია მთლიანად ჩვენი სახსრებით.
– როგორ მუშაობდით ფილმზე?  საინტერესოა  ფილმში გამოყენებული სიმღერები…  თუნდაც საკვანძო  სცენის სიმღერა, რომელიც ერთ საათში შექმნა ლაშა მეუნარგიამ…
– ფილმზე მუშაობა 2017 წელის დასაწყისში დავიწყეთ, სხვა სცენარზე ვმუშაობდით მე და ჩემი მეგობარი, რეჟისორი, მხატვარი, მუსიკოსი – ლაშა მეუნარგია, როდესაც მისმა მეუღლემ, მხატვარმა მაია თოდრიამ გადმოიღო მივიწყებული, ლაშას მიერ წლების წინ საფრანგეთის კინოაკადემიაში სწავლის დროს დაწერილი სცენარი „ბურუსი”, რომელიც ძალიან მომეწონა.
ლაშამ რამდენიმე დღე იმუშავა სცენარზე, ცოტა გადააკეთა, ჩაამატა ლუკას პერსონაჟი და ამით უფრო მეტად საინტერესო სიუჟეტი მივიღეთ. სახელიც შევუცვალეთ და „სხვა გზა” დავარქვით.
ამის შემდეგ ჩვენი „სამეული” არ გავჩერებულვართ, გამოვიტანეთ განვადებით ვიდეოკამერა, დავიწყეთ მსახიობების შერჩევა, მათი, ვინც შეძლებდა მეგობრობით და ჰონორარის გარეშე დაგვდგომოდა გვერდში. შეიკრა უმაგრესი გუნდი, მათ შორის ბავშვები, რომლებიც უკვე სტუდენტები არიან. პირადად მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის, იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად 3 წელი გაუძლეს და ფილმის დასრულების რწმენა არ დაკარგეს…
ფილმის ოპერატორიც ლაშაა (სხვას ვერ ანდო კამერაში ჩახედვა). ყველაფერს ჩვენ სამნი ვითავსებდით: განათება, გრიმი, მძღოლი, ქათერინგი, ადგილმდებარეობის შერჩევა, რეკვიზიტი (ასე, მსახიობის და მხატვრის პროფესიების შემდეგ, პროდიუსერიც გავხდი)…
ბოლოს ფილმის გადახმოვანება მოგვიწია, რაშიც ლაშა ივანიაშვილი და გიორგი კოპალეიშვილი უანგაროდ დაგვეხმარნენ და მშვენიერი საუნდიც გაგვიკეთეს. ფილმში გამოყენებულია გიგა აგლაძის და ჩემი ძმის, დავით ხარატიშვილის სიმღერები. ლაშას ტექსტზე, მისმა დამ, შორენა მეუნარგიამ შექმნა ბავშვების სიმღერა, რომელიც ფილმის იდუმალებას უფრო მეტად ამძაფრებს.  საკვანძო სცენის სიმღერა კი გახმოვანების ბოლოს,  სადღაც ერთ საათში შექმნა ლაშამ და იქვე ჩაიწერა, რომელიც ლაშამ, გიორგი კოპალეიშვილმა და მე ერთად შევასრულეთ.
აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი საამაყო ქართველი მსახიობის, გიორგი დევაძის ტრიუმფალური წარმატება სტამბოლის საერთაშორისო “Golden Bridge Istanbul Film Festival” კინოფესტივალზე. იგი ჩვენს ფილმში ნათამაშები „საუკეთესო როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის“ ნომინაციაში, მსოფლიოს ფინალისტ წლის ტოპ სამ მსახიობ მამაკაცს შორის დასახელდა. (მისი მეტოქეები ამერიკის შეერთებული შტატებისა და ესპანეთის წამყვანი მსახიობები იყვნენ).
– ფილმი მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებულია…
– მოვიარეთ ბევრი კინოფესტივალი, სადაც 4-ის გამარჯვებული გახლავართ: კიევის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ჯილდო ავიღეთ: საუკეთესო მხატვრული ფილმი და საუკეთესო რეჟისორი; თურქეთიდან – „საუკეთესო თრეილერის“ და ინდოეთიდან  „საუკეთესო პროდიუსერის“ ჯილდოები ჩამოვიტანეთ. კიდევ სამი ფესტივალის ფინალისტები და ორის ნახევარფინალისტები ვართ (თურქეთი, უკრაინა, ინდოეთი, ლიეტუვა).
პრემიერას შარშან ვგეგმავდით, მაგრამ ჯერ პანდემიის პერიოდი, შემდეგ უკრაინის ომი დაემთხვა.. პირველი პრემიერა შარშან, ქალთა კოლონიაში გავმართეთ და დიდი მოწონება დავიმსახურეთ, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გოჩა მუკბანიანს გადავუხადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები