თეა წულუკიანი: ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე განვითარებული ერი, როგორც ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა – ჩვენ ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ, ასე რომ, არავის „თავში ჩარტყმას“ არ გავატარებთ

ამ ანგარიშის მიზანი არ იყო ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას – როგორ აფასებთ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშს?

მისი თქმით, ჩვენ ზუსტად ისეთივე განვითარებული ხალხი და ერი ვართ, როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ქვეყანა.

„გაფართოების ანგარიშში, მაგალითისთვის, არაფერია ნათქვამი 4 ოქტომბერთან დაკავშირებით; არ არის ნათქვამი იმაზე, რომ ეს კონკრეტული ძალები, ე.წ. მშვიდობიანი დამხობისთვის იბრძოდნენ, რომ მათ იერიში მიიტანეს პრეზიდენტის სასახლეზე და რომ დაზიანდა კერძო თუ სახელმწიფო ქონება და ათეულობით პოლიციელის ჯანმრთელობა. არაერთმა მათგანმა მძიმე ჭრილობა მიიღო. ამის შესახებ არაფერია ნათქვამი და კვლავ მშვიდობიანად საღდება ძალადობრივი აქციები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ანგარიშის მიზანი არ იყო ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მყვირალა მაგალითებს შორის, რომლითაც, სამწუხაროდ, ეს ანგარიში ხასიათდება“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, დროა ქართველმა ხალხმა, კონკრეტული დასკვნები გააკეთოს ევროპულ სტრუქტურებთან დაკავშირებით.

„ერთი არის ის, რომ ის რაც შეიძლება საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის, არ შეიძლება საქართველოსთვის. როდესაც დიდი ევროპული ქვეყნები მიიღებენ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით თუ პოლიციის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით ჩვენზე მკაცრ კანონებს – მათთვის ეს შეიძლება, ჩვენთვის კი – არა. როდესაც ისინი რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელსაც არც პატიმარი უწამებია, არც ქუჩაში ვაზაგაშვილი მოუკლავს და არც გირგვლიანი სასაფლაოზე არ აუყვანია და მისთვის ყელი არ გამოუჭრია, ციხეში ჩასვამ, იმიტომ, რომ რაღაც დააშავა, ეს შეიძლება, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა და მიხეილ სააკაშვილი ჰქვია, ჩაჯდება ციხეში, ეს უკვე პრობლემაა. ხმამაღლა არ ამბობენ მაგრამ, ჩვენთან საუბრებში ხშირად უთქვამთ, რომ მათთვის შეიძლება, იმიტომ, რომ განვითარებულები არიან და თქვენ ჯერ კიდევ განუვითარებელი ქვეყანა ხართო. ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ისეთივე განვითარებული ხალხი და ერი, როგორც ნებისმიერი ევროპული სხვა ქვეყანა, ჩვენ უფრო მეტი გასაჭირი გამოგვივლია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ვიდრე მათ და შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ ქართველი ერი დღეს თავისი გაჭირვებებიდან გამომდინარე არის მაღალი ბრძოლისუნარიანობით ფორმაში, ვიდრე ნებისმიერი კომფორტს მიჩვეული ევროპელი ერი. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ ხელწამოსაკრავი, ჩვენ ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ, ასე რომ, არავის თავში ჩარტყმას ჩვენ არ გავატარებთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები