მაია ბითაძე – გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე; იყო საკმაოდ სავალალო შედეგები, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ასევე დემონსტრანტების წინასწარ გაუფრთხილებლობისა და ძალის გადამეტების ფონზე რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე „ღამის კურიერის“ ეთერში გამოეხმაურა.
მისი თქმით, 20 ივნისის ეპიზოდზე გიორგი გახარიას მიმართ კითხვები არსებობს და აღნიშნული საქმის გამოძიებას სტრასბურგის სასამართლოც მიუთითებს.
„გახარიას პარტია არის ერთადერთი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში და დაიწყო საკუთარი უფლებამოსილების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ კატეგორიულ უარს აცხადებდა პარლამენტში შემოსვლაზე. როდესაც შემოვიდნენ „გახარიები“ პარლამენტში და როდესაც პარტიების აკრძალვის პროცესი წარიმართა, ერთგვარი გარიგების ვარაუდებიც ისმოდა, რასაც, ბუნებრივია, არანაირი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან.
თუნდაც ის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც დამოუკიდებლად მიმდინარეობდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ და რომლის შესახებაც ჩვენ გენერალური პროკურორის განცხადებიდან მოვისმინეთ, მიმდინარეობდა სწორედ იმ სამართლებრივი დასკვნებისა და გამოძიების ფარგლებში, როგორც საგამოძიებო კომისიის მიერ გადაგზავნილი მასალების შედეგად გადაიგზავნა პროკურატურაში და ამას შემდგომ მოჰყვა გამოძიება. ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, სადაც ჩვენ მკაფიოდ გვახსოვს, რომ პირდაპირ იქნა აღიარებული, ერთის მხრივ, ის, რომ პარლამენტზე შტურმი ნამდვილად განხორციელდა, თუმცა, მეორეს მხრივ, ხელისუფლების მიმართ იყო მოწოდება, რომ ჩატარებულიყო გამოძიება, რათა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევის და პროცედურული გადაცდომის საკითხები დადგენილიყო. ვიცით, რომ იყო საკმაოდ სავალალო შედეგები, მათ შორის, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, ასევე, დემონსტრანტების წინასწარ გაუფრთხილებლობისა და ძალის გადამეტების ფონზე, რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. სწორედ ამ კუთხით, სტრასბურგის სასამართლოს მითითებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული. დანარჩენი ყველაფერი, მე ვფიქრობ, რომ დაველოდოთ სასამართლო პროცესს, რომელიც წარიმართება ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაია ბითაძემ.