გიორგი გობრონიძე: საქართველო შესაძლოა, ევროპისთვის “ახალი სიცოცხლის” გზა გახდეს, რადგან სწორედ აქ იქნება ის ენერგოდერეფანი, რომელმაც ევროპა რუსეთის “ენერგონემსიდან” უნდა ჩამოსვას

“ზოგადად, საქართველო შესაძლოა, ევროპისთვის “ახალი სიცოცხლის” გზა გახდეს, რადგან სწორედ აქ იქნება ის ენერგოდერეფანი, რომელმაც ევროპა რუსეთის “ენერგონემსიდან” უნდა ჩამოსვას. ევროპისთვის ამ გზის სასწრაფოდ ამოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება ალიევის დაუგეგმავი ვიზიტი თბილისში”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი, გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ მსოფლიოში სტრატეგიულ ნავთობსადენებს აფეთქებენ, საქართველოსა და აზერბაიჯანს თავისი ნავთობ- თუ გაზსადენების დასაცავად განსაკუთრებული ზომების მიღება მოუწევთ.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა სამუშაო ვიზიტის იმ დღის წესრიგით, რომელიც განაპირობა მსოფლიოსა თუ ჩვენს რეგიონში შექმნილმა ვითარებამ. მოგეხსენებათ, დღეს აზერბაიჯანულ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, რაზეც ილაპარაკა კიდეც ილჰამ ალიევმა. შესაბამისად, საქართველოს, როგორც ამ ენერგომატარებლების გამტარ ქვეყანას, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გამომდინარე აქედან, ეს ვიზიტი უპირველესად უკავშირდებოდა რეგიონულ ენერგეტიკულ პროექტებს.

იზრდება მოთხოვნა, შესაბამისად, იზრდება მიწოდებაც, ეს კი წარმოშობს ახალ საკითხებს, რომლებზეც შეთანხმებაა საჭირო. ამის მიღმა არსებობს პოლიტიკური ვითარება და ძვრები რეგიონში, რომლის მონაწილე საქართველოც არის. კარგი იქნებოდა, ცალკეულ შემთხვევაში უფრო აქტიური ყოფილიყო ოფიციალური თბილისი. სწორედ ჩვენ ვყოფილიყავით ერთ-ერთი მთავარი მოქმედი მხარე ამ პროცესებში, თუნდაც დღის წესრიგის შეთავაზებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკება იმართება ისე, რომ ამ პროცესიდან რუსეთი გასულია. ვგულისხმობ, პრაღაში თურქეთის მონაწილეობით გამართულ ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრას. ამ ფონზე საქართველოს აქვს შანსი იქცეს როგორც რეგიონული მოლაპარაკების ცენტრად, ასევე იმ მოლაპარაკების ინიციატორად, რომელშიც ჩვენს მეზობლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ევროპელი პარტნიორებიც. შესაბამისად, ალიევისა და ღარიბაშვილის შეხვედრის დროს განსახილველი საკითხი ბევრი სხვა რამაც შეიძლება ყოფილიყო.

დღეს საკითხი ასე დგას: რამდენად არის მზად ენერგოდერეფანი და მისი ინფრასტრუქტურა გაზრდილი ნაკადების გასატარებლად და როგორ არის დაცული. საფრთხე, რა თქმა უნდა, არის. რუსეთი არაპროგნოზირებადი ქვეყანაა. შესაბამისად, კასპიის ენერგორესურსების ევროპისთვის უსაფრთხოდ მიწოდებაზე მსჯელობა და ერთობლივი გეგმის დასახვაც, ვიმეორებ, აუცილებლად იქნებოდა ალიევის ვიზიტის ნაწილი. რაც შეეხება დეტალებს, არის რამდენიმე საკითხი, რომლებიც კითხვებს აჩენს, დაწყებული ამ შეხვედრის ადგილით, ფორმით, დასრულებული შინაარსით.

ზოგადად, საქართველო შესაძლოა, ევროპისთვის “ახალი სიცოცხლის” გზა გახდეს, რადგან სწორედ აქ იქნება ის ენერგოდერეფანი, რომელმაც ევროპა რუსეთის “ენერგონემსიდან” უნდა ჩამოსვას. ევროპისთვის ამ გზის სასწრაფოდ ამოქმედება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დიდ პროექტებს დიდი რისკები ახლავს. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება ალიევის დაუგეგმავი ვიზიტი თბილისში. იმ ფონზე, რომ მსოფლიოში სტრატეგიულ ნავთობსადენებს აფეთქებენ, საქართველოსა და აზერბაიჯანს თავისი ნავთობ თუ გაზსადენების დასაცავად განსაკუთრებული ზომების მიღება მოუწევთ.

გაუგებარია, რატომ არ აცნობეს ალიევის ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს. კარგი იქნებოდა, სულ რამდენიმეწუთიანი მიღება მაინც სალომე ზურაბიშვილთან. ელემენტარული პატივისცემის საკითხია, პრეზიდენტი რომელიმე სხვა ქვეყნის პირველი პირის ვიზიტის თაობაზე ინფორმაციას მედიით არ უნდა იგებდეს. ეს ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს. გარდა ამისა, ძალიან უხერხული იყო რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარი და რუსული ორდენების კავალერი ივანე ბაგრატიონ-მუხრანსკის სურათის ფონზე შეხვედრა. თუმცა, არ დავიწყებ სპეკულაციებს, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა და ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე მიანიშნებს, მე ეს უფრო პროტოკოლის სამსახურის შეცდომა მგონია. ამის ნახვა ნამდვილად უსიამოვნო იყო.

ჩემთვის არასასიამოვნო მოსასმენი იყო უკრაინის შესახებ განცხადებები, რომ თურმე სანქციები არ მუშაობს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან საინტერესო იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან იმის აღიარება, რომ საქართველოს როლი იზრდება ევროკავშირისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპას სჭირდება ენერგორესურსები. კი ბატონო, ევროკავშირმა თხევადი გაზის მარაგები გაზარდა, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი რესურსი დახარჯა. ამიტომაც ცხადია, რომ ევროპაში სჭირდებათ ეკონომიკის დივერსიფიცირება და აუცილებელია თხევადი გაზის გარდა, ალტერნატიული გზების მოძებნაც. ამ შემთხვევაში ჩვენი როლი იზრდება. ეს არის შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს იმ ტიპის პოლიტიკოსთან კომუნიკაცია, როგორიც ორბანია. სუბიექტურად რომ შევაფასო, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კი, ჩვენ კვაზიდემოკრატიის ქვეყანა ვართ და გვაქვს სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტები. დემოკრატიზაციაში უნგრეთსაც აქვს პრობლემები. შესაბამისად, ცოტა არასერიოზულად ჩანს და ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამ ქვეყნების პრემიერები ერთმანეთს დემოკრატიას უქებენ, მაგრამ ჯობს ყველაფერს ნაციონალური ინტერესიდან შევხედოთ. ვაღიაროთ, რომ დემოკრატია არ გვივარგა, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ ამას ახალი პრობლემები დავამატოთ, დავკარგოთ საგარეო პოლიტიკური როლი. ამიტომაც ამ ვიზიტს არ შევაფასებდი უარყოფითად. ის, რაც ენერგოუსაფრთხოებაზე მოვისმინეთ უნგრეთში, ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. უნდა გაგახსენოთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ ორბანის კომენტარი – საქართველოსთვის სტატუსზე უარის თქმას არასწორი გადაწყვეტილება უწოდა, მოგვიანებით კი “ტვიტერზე” ამორალური ნაბიჯიც. ხშირად უნდა ისმოდეს ამგვარი განცხადებები. არავისზე ნაკლებად არ დაუმსახურებია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობა, თუნდაც იმის გამო უნდა მოგვცენ ეს სტატუსი, რომ დაჩქარდეს რეფორმების ის ტალღა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარებისთვის. კანდიდატობა უკვე ხელშესახები შესაძლებლობაა, შესაბამისად, გაიზრდება საზოგადოების დაკვეთა ქვეყნის დემოკრატიზაციაზე”,- აცხადებს რესპონდენტი.

კითხვაზე: “ისევ სამხრეთ კავკასიის ამბებს დავუბრუნდეთ. უკვე ახსენეთ პრაღაში ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობდა, თუმცა 31 ოქტომბერს პუტინმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები თავისთან მიიწვია”,- გობრონიძე პასუხობს, რომ პუტინი ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს მოკავშირეებთან ალაგებს ურთიერთობას, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება.

“ჩავლენ, შეხვდებიან, გაუღიმებენ კამერებთან ერთმანეთს, პუტინი მედიასთან გამოჩნდება და ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოს მოკავშირეებთან ალაგებს ურთიერთობას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას შედეგი არ მოჰყვება. რუსეთს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღეს ჩვენს რეგიონში თავისი პოლიტიკა გაატაროს. გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა მთელი საგარეო პოლიტიკა ააგო ძალის პრიმატზე, თუ არ არის ძალის კომპონენტი, მისი პოლიტიკაც ქრება. დღეს მისი ძალა მიმართულია უკრაინისკენ. უკვე აშკარაა, რომ ძალიან იზრდება რუსეთით უკმაყოფილება სომხეთში, რაც სავსებით ადეკვატური რეაქციაა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ფეხზე დაიკიდა. ეს ქვეყანა ცდილობს რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას და ევროპულ სტრუქტურებში მეტად ინტეგრაციას, რაშიც, ვფიქრობ, საქართველომ თავისი წვლილი შეიძლება შეიტანოს. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთი საქართველომ უნდა მოიაზროს სტრატეგიულ პარტნიორად. სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გასვლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სომხეთის ევროპულ ინტეგრაციასა და დეიზოლაციაზე, რაც ჩვენი ინტერესიც უნდა იყოს. ჩვენ დღეს გვჭირდება რეგიონში ძალთა ბალანსი და პარიტეტის შექმნა. ერთ მხარეს ჩვენ ვართ ჩართული თურქეთსა და აზერბაიჯანთან ერთად სამმხრივ ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ სამმხრივ ფორმატში შენარჩუნდეს ძალთა სიმეტრიული განლაგება. უმნიშვნელოვანესია რეგიონული მშვიდობა, რადგან საბოლოოდ შედგეს და ამოქმედდეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელზეც ალიევმაც ილაპარაკა. ეს დიდი და ხანგრძლივი სამუშაოა. არა მგონია, ეს უახლოეს წლებში გადაწყდეს, მაგრამ მუშაობა უკვე დასაწყებია.

რუსეთი ომის გაყინვას ცდილობს, ამიტომ ლაპარაკობს მოლაპარაკებაზე, თუმცა ეს ამ ეტაპზე წარმოუდგენელი ჩანს. შეიძლება ითქვას, ახლა ჩვენ ომის შუა ფაზას ვადევნებთ თვალს. ომში საბოლოო გარდატეხა ჯერ არ მომხდარა. გასაგებია, რომ რუსეთს უკვე აღარ აქვს შანსი, რომ რომელიმე იმ პოლიტიკურ ამოცანას მიაღწიოს, რომელსაც ომის დასაწყისში ისახავდა მიზნად. მას არა აქვს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ უკრაინა სრულად დაიპყროს. არც იმის შანსი, რომ დაამარცხებს უკრაინის თავდაცვის ძალებს. ამის უმთავრესი მიზეზი კი ის არის, რომ რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოპარულია. სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება სამხედრო მაღალჩინოსნებს 600-მილიონიანი იახტები ჰყავდეთ.

გამოიკვეთა, რომ რუსეთი ამ ომში ოპერატიულ დონეზეც ვეღარ ფლობს ინიციატივას, ვერც სტრატეგიულ მიზნებს მიაღწია. ახლა გადასაწყვეტია, როგორი იქნება ამ ომში რუსეთის მარცხის მასშტაბი. ერთადერთი, რაც რჩება რუსეთს იმისთვის, რომ საბოლოო მარცხი აირიდოს თავიდან, მასობრივი განადგურების იარაღით შანტაჟი ან მისი გამოყენებაა. მაშფოთებს ამ “ბინძურ ბომბზე” რუსეთის განცხადებები. ეს არ არის წასაყრუებელი ამბავი. ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელთა, ყოფილ თუ ამჟამინდელ მოხელეთა განცხადებები. ძალიან საინტერესო იყო ერთი შეფასება – თუ რუსეთში ვერ გაიგეს, რას ვგულისხმობთ მათთვის პასუხის გაცემაში, მაშინ იკითხონ, რა დაემართა ყასიმ სულეიმანსო. ეს იყო ირანელი გენერალი, რომლის ლიკვიდაციაც ამერიკის სპეცსამსახურებმა ბაღდადში მოახერხეს. მოკლედ, რუსეთი უკრაინას ვერ დაამარცხებს, მაგრამ შეიძლება წავიდეს იმ ტიპის ავანტიურაზე, რომელიც ამ ომს თვისებრივად დიდ მასშტაბს შესძენს. პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიწვევას კი არა, იზოლაციას საჭიროებს. ის თავის გარემოცვასთან ერთად საზოგადოებისთვის საშიშია. რა მოლაპარაკებაზეა ლაპარაკი, როდესაც ადეკვატურობის ზღვარს გასცდნენ. ომი დაიწყეს დენაციფიკაციაზე ლაპარაკით და დღეს უკვე მესიანისტურ ისტერიკაში არიან – დესატანიზაციაზე ლაპარაკობენ. დღეს პუტინს და მის გარემოცვას ის სჭირს, რაც სჭირდათ ჰიტლერსა და მის ოკულტურ პოლიტიკურ ჯგუფს”, – განაცხადა გობრონიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები