ლაღიძეზე აფეთქების შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, როგორც ირკვევა შემთხვევითი გამვლელი იყო.
მისი ახლობლის განცხადებით, დაშავებული მამაკაცი მეტადონის პროგრამაში არ იყო ჩართული და ის ინციდენტის ადგილზე სავარაუდოდ, შემთხვევით აღმოჩნდა. დაშავებულის ახლობლის განცხადებით, მამაკაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, ოპერაციას გაუკეთებენ.
მისივე თქმით, კაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა, შემდეგ კი რა მოხდა, მისთვის უცნობია.
შეგახსენებთ, დღეს დილით თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზებზე თვითმხილველები საუბრობენ და რამდენიმე ვერსიას განიხილავენ.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.