“ნათია ჯანაშია ლონდონში მიმდინარე დავას არ წყვეტს და საქართველოს ხელისუფლებასთან მწვავე დაპირისპირებას აგრძელებს” – აფბა
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე განცხადებას ავრცელებს, რომელიც „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ მეწილისა და ყოფილი დირექტორის, ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში შეტანილი სარჩელის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ გარემოებებს ეხება.
საკითხი შეეხება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო განვითარებულ დავას, რომელშიც მინორიტარი აქციონერი -30%-იანი წილის მქონე ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე 70%-იანი წილის მქონე აქციონერს “საქართველოს განათლების ჯგუფს“ ედავება.
„2 წლის მანძილზე, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს არაერთხელ მიუმართავთ ხელისუფლებისათვის და არსებულის სასარგებლოდ წინა ხელისუფლებასთან შედარება გაუკეთებიათ. ამ მიმართვებში აშკარად ჩანდა ფარისევლური ეპიტეთებიც, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს თვალთმაქცური დამოკიდებულება მარტივად გადავიდა თაღლითობაში. ჩვენ უკვე ვხედავთ ხელისუფლების აშკარა და დაუფარავ კრიტიკას, ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის განცხადებებიდან უკმაყოფილების ისეთი ნიაღვარი ვრცელდება, რომ ისინი მზად არიან კერძო სუბიექტთან კერძო დავა ქართულ სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან უკომპრომისო ომში გადაზარდონ და არ დაიხევენ საერთაშორისო სკანდალის წინაშეც.
ნათია ჯანაშიას მიერ ბრიტანეთის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წესით „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალობაში მივიღეთ სარჩელი, რომლის ავტორი ნათია ჯანაშია ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას რეჟიმად მოიხსენიებს, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზას, რუსეთისკენ მიდის, რომელიც აკონტროლებს კორუმპირებულ სასამართლო სისტემას,“ – აცხადებს გიორგი კაპანაძე.
მისივე თქმით, ნათია ჯანაშია ლონდონის სასამართლოს და იქ შეტანილ სარჩელს, სადაც სანქციებსა და დასანქცირებულ პირებზე ავრცელებს ინფორმაციას, ორმაგი დანიშნულებით იყენებს. ერთის მხრივ, ის დავის ლონდონში გადატანით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ხელისუფლებაზე, რომლის სამართალდამცავებმაც ჯანაშიას „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ დირექტორობის დროს გაფლანგული 4 მილიონი დოლარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, და მეორე მხრივ, ზემოქმედება იქონიოს საქართველოს სასამართლოზე.
„მესმის რომ პროვოკაციული ნაბიჯია, შეიძლება თაღლითურიც ვუწოდოთ ასეთი ტიპის ქმედებებს, რადგან მხოლოდ საკუთარი ინტერესები გამოძრავებს და არაფრად მიიჩნევ ქვეყნის ინტერესებს. მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა ებრძოლო ქვეყანას, რომელმაც წარმატებული ბიზნესის კეთების საშუალება მოგცა და აგერ უკვე მესამე წელია ჯანაშია აღარ არის სკოლის დირექტორი და მას მერე „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ სანიმუშო შედეგებს აჩვენებს. ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ლონდონის სასამართლოში შეტანილ სარჩელს საერთო არაფერი აქვს ბიზნესდავასთან და ის უფრო პოლიტიკური ზეწოლის იარაღია, ვიდრე სამართლებრივი.
უფრო მეტიც, ნათია ჯანაშია პირდაპირ და დაუფარავად ამბობს, რომ საქართველოში სასამართლოები შემჩნეული არიან კორუფციულ საქმიანობაში, რომ ქვეყანაში რეჟიმია და საქართველომ გადაუხვია რუსეთისკენ.
ნათია ჯანაშიას მიერ ბრიტანეთში შეტანილი სარჩელით პირდაპირი დევნა აქვს გამოცხადებული იუსტიციის საბჭოს წევრებზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებზე. თუმცა მისი ბრალდება არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული მოსამართლეებით. ნათია ჯანაშია მთელ სასამართლო სისტემას ბრალს დებს კორუფციაში და ადანაშაულებს დამოუკიდებლობის არქონაში,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელს ნათია ჯანაშას მიერ ლონდონის სასმართლოში შეტანილი სარჩელიდან კონკრეტული ამონარიდები მოყავს მაგალითად. კერძოდ, შემდეგი ციტატა: “მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებმაც განიხილეს მოსარჩელეს სარჩელები, კერძოდ ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი და ბ-ნი ლაშა თავართქილაძე. მოსამართლეები მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს.
მოსარჩელეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს”. – ციტატის დასასრული.
აფბას ინფორმაციით ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი, უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრია, ხოლო ბ-ნი ლაშა თავართქილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა. არცერთი მათგანი სასანქციო სიებში არ არის.
„სარჩელის ტექსტს, მის კონტექსტს და საქართველოში იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს თუ ერთიან სურათში განვიხილავთ და „ტელეგრაფში“ დაკვეთილ და შემდგომში წაშლილ მასალას გავითვალისწინებთ, ადვილად შევძლებთ პარალელის გავლებას რევოლუციურ განწყობებთან, რომელიც გარკვეულ კარგად დაფინანსებულ ჯგუფებში შეიმჩნეოდა. საბედნიეროდ „საქართველოს განათლების ჯგუფმა“ შანტაჟს გაუძლო და „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ ლიკვიდაციას გადაარჩინა, რომლის დაუოკებელი სურვილიც ღიად დააფიქსირა ნათია ჯანაშამ.
გაუძლებს თუ არა ზეწოლას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი? ამაზე დადებითი პასუხია. დარწმუნებული ვარ, რომ ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას მიერ შეტანილი სარჩელის პროვოკაციას ხელისუფლება არ წამოეგება. მიუხედავდ იმისა, რომ ნათია ჯანაშია განაგრძობს შეტევას ხელისუფლების ყველა შტოზე და ანტისახელისუფლებო რიტორიკას ოპოზიციურ არხებზე დემონსტრატიულად ავრცელებს,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.