გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ
მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ტყუილად ცდილობს პარალელების გავლებას და ფსონის იმაზე დადებას, რომ რადიკალები საქართველოში ოდესმე არჩევნებში წარმატებას მიაღწევენ.
გიორგი კახიანის განცხადებით, გაუგებარია რა გაუხარდა რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც ორბანის პარტია დამარცხდა.
„ორბანის მთავრობა და ხელისუფლება იყო ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერი. როდესაც საუბარი იყო საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე, ეს სანქციებს ეხებოდა თუ ა.შ. ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე იდგა ეს გუნდი.
რაც შეეხება მადიარის, ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლაც იყო უნგრეთის მოსახლეობის გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ჩვენ ამას პატივს ვცემთ. მისასალმებელია ის განცხადებები, რომელიც მადიარმა გააკეთა მეორე დღესვე საქართველოს მიმართ, როდესაც საუბრობდა, რომ მას სურს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა, მას სურს გვესტუმროს ამ ქვეყანაში. რომ იგი არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ძალიან პოზიტიური გზავნილები წამოვიდა საქართველოსთან მიმართებით. ჩვენც ამ თვალსაზრისით ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი და მომავალში გვინდა ის ურთიერთობები, რაც გვქონდა უნგრეთთან, გავაგრძელოთ და გავაუმჯობესოთ კიდეც“, – განაცხადა კახიანმა.