ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტაზე ტრამპის თხოვნით დათანხმდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნით დათანხმდა და ამ საკითხზე ოფიციალური კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას The times of Israel-ი ავრცელებს.
„როდესაც ისრაელის უდიდესი მეგობარი, პრეზიდენტი ტრამპი, ჩვენთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით მოქმედებს, ისრაელი მასთან თანამშრომლობს“, – ციტირებს ნეთანიაჰუს სიტყვებს გამოცემა Ynet-ი.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მან მინისტრებს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს, რომელიც დღეს საღამოს ამოქმედდება, იმ „სტრატეგიულ წერტილებში“ დარჩებიან, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებენ.
ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ მინისტრებმა აღშფოთება გამოთქვეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედიიდან ინფორმაციის მიღების გამო, იმის ნაცვლად, რომ ის კაბინეტის ოფიციალური გადაწყვეტილებით დაემტკიცებინათ.