ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა „როუზ-როთის” სემინარში მიიღეს მონაწილეობა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა ჰელსინკში გამართულ „როუზ-როთის“ რიგით 103-ე სემინარში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარში ვლადიმერ ჩაჩიბაიას, თეონა აქუბარდიას და დავით ბაქრაძის მონაწილეობით იყო წარმოდგენილი.

სემინარის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატოს მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები და ნატოს როლი ალიანსის და პარტნიორების უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფაში, ფინეთის და შვედეთი წვლილი ჩრდილოეთის და ბალტიის უსაფრთხოების გაძლიერებაში, ფინეთის ტოტალური თავდაცვა და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები, საზღვაო უსაფრთხოება და კლიმატის ცვლილებების გავლენა.

ღონისძიებისას არაერთხელ აღინიშნა, რომ სწორედ რუსეთის სამხედრო შეჭრამ უკრაინაში განაპირობა ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება და ნეიტრალური სტატუსის შეცვლა. აღინიშნა, რომ ალიანსი უფრო ძლიერი და უსაფრთხოების გარანტორი გახდება არამხოლოდ ბალტიის რეგიონში, არამედ შორეული ჩრდილოეთის მიმართულებითაც. ფინეთის პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფინეთი შემდგომშიც გააგრძელებს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და გაძლიერებას, მათ შორის სამხედრო შესყიდვების მიმართულებითაც.

დისკუსიის ფარგლებში, ასევე განიხილეს რუსეთის თემაც, სადაც აღნიშნეს, რომ მოსკოვზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს სხვადასხვა მეთოდებით, როგორიცაა მაგალითად ეკონომიკური, პოლიტიკური და პიროვნული სანქციები. უნდა გაანალიზდეს, რომ დასავლეთი რუსეთთან შედის გრძელვადიან კონფრონტაციაში, ვინაიდან რუსეთის მოქმედი ხელისულების შეცვლა არაფერს შეცვლის.

ნატო-ს მადრიდის სამიტის შეფასებისას ითქვა, რომ პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატოს უსაფრთხოების კონცეფციაში რუსეთი მოწინააღმდეგედ არის მოხსენიებული და ალიანსის ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მუქარის მიუხედავად შეუქცევადია ფინეთის და შვედეთის მაგალითებით. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ალიანსის კარი ღიაა და ნატოს არა წევრების ზეგავლენა გაფართოვების პროცესებზე შეზღუდულია. ასევე, ითქვა რომ არსებობს ძალიან ცოტა მიზეზი თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები. ყოველივე ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ცოცხალია და ქმედითია.

სემინარის ბოლო დღეს, დელეგაციის წევრები ფინეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრნენ, სადაც ფინეთის სამხედრო სტრუქტურას და ქვეყანაში არსებულ სავალდებულო სამხედრო გაწვევის სიტემას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები