ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ჩარევის მიმართ მოწყვლადები არიან, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბერლინში გამართულ საგარეო პოლიტიკის ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას და მჭიდროდ თანამშრომლობენ ქართველ პარტნიორებთან.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა და დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც რუსეთის ჩარევის მიმართ მოწყვლადები არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიების ნაწილს. ეს ასევე ეხება შესაძლებლობების გაძლიერებას, წვრთნებსა და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას. ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართველ პარტნიორებთან.
მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააკეთონ მეტი, რაც განსაკუთრებით, უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ხაზს უსვამს საქართველოსნაირ ქვეყანასთან უფრო აქტიურად მუშაობის მნიშვნელობას. ასევე, ვფიქრობ, ეს ეხება საქართველოს მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელებას და იმ ზოგიერთი საკითხის გადაჭრას, როგორიცაა კორუფციის საკითხი და უსაფრთხოების ინსტიტუციების დემოკრატიული კონტროლი. რაც უფრო მეტად გადაჭრის ამ პრობლემებს საქართველო, უფრო მარტივი იქნება აუცილებელი მხარდაჭერის მობილიზება ნატოს მოკავშირეებისგან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.