კახა კახიშვილი: რეალობა არის ის, რომ მივიღებთ გენერალურ პროკურორს, რომელსაც მოუწევს ასარჩევად მოსვლა ერთ საპარლამენტო ვადაში ოთხჯერ – ეს ნიშნავს იმას, რომ გენერალური პროკურორი აქ რომ მოვა, უნდა ეკეკლუცოს თითოეულ დეპუტატს და მისი თხოვნები შეასრულოს
რეალობა არის ის, რომ მივიღებთ გენერალურ პროკურორს, რომელსაც მოუწევს ასარჩევად მოსვლა ერთ საპარლამენტო ვადაში ოთხჯერ. ეს ნიშნავს იმას, რომ გენერალური პროკურორი აქ რომ მოვა, უნდა ეკეკლუცოს თითოეულ დეპუტატს და მისი თხოვნები შეასრულოს და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს რომ იქნეს არჩეული, – ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა განაცხადა.
„რატომ გადაწყდა თავის დროზე რომ გენერალური პროკურატურა უნდა იყოს ცალკე უწყება. ზუსტად იმიტომ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან უნდა იყოს დაშორებული. არის კითხვები? გასაუმჯობესებელია დამოუკიდებლობის ხარისხი? ვიფიქროთ, გავაუმჯობესოთ. მაგრამ უკან დავბრუნდეთ, როდესაც წელიწადში ერთხელ ჩვენ დეპუტატებმა, გააჩნია რა კომუნიკაციაში იყო ჩვენთან ერთი წლის განმავლობაში გენერალური პროკურორი, მივიღოთ გადაწყვეტილება ავირჩიოთ თუ არ ავირჩიოთ, უპასუხა თუ არა ჩვენს ზარს და გაითვალისწინა თუ არა ჩვენი თხოვნა. ჩვენც ხომ ვიცით, რომ ასე იქნება საბოლოოდ. აქ მხოლოდ პროკურატურაზე არ არის საუბარი. ვინაიდან პროკურატურა წაგიკითხავთ საქართველოს კანონს პროკურატურის შესახებ. საქართველოს გენერალური პროკურატურა უწევს ზედამხედველობას ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ოპერატიულ ზედამხედველობას უწევს ყველა სამინისტროს და სტრუქტურას სადაც მიმდინარეობს გამოძიება და ოპერატიული სამსახური მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ ის ზედამხედველობს უშიშროებაზე, შს სამინისტროზე და პენიტენციურ სამსახურზე და სხვა უწყებებზე, სადაც მიმდინარეობს ოპერატიული დამუშავება და ამავდროულად გამოძიება“, – განაცხადა დეპუტატმა.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტზე მსჯელობისას კახა კახიშვილმა მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს, დაეკონკრეტებინა, თუ ვინ არის ამ რეკომენდაციის ავტორი, რომლის მიხედვით საქართველოში გენერალური პროკურორი 90 ხმით უნდა იყოს არჩეული, რადგან სწორედ მისი რეკომენდაციით წყდება ქვეყნის მომავალი:
„გენერალური პროკურორის შესუსტებით და ამ სტრუქტურის შესუსტებით შესუსტდება მთლიანად ვერტიკალი იმ სტრუქტურების, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდამცავ სტრუქტურებს საქართველოში, რომელთა უფლებამოსილება და მოვალეობა არის კრიმინალთან ბრძოლა. შესუსტებული უწყებების ხარჯზე გაიზრდება კრიმინალური გავლენები ქვეყანაში, რაც ნამდვილად არ მინდა, მე უბრალოდ ხომ მაქვს უფლება როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, ვთხოვო პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის ხელმძღვანელობას, რომ შეიძლება მე ვერ გავიგე ბოლომდე სულისკვეთება ამ რეკომენდაციის, რომ გავიგოთ ვინ არის ავტორი ამ კონკრეტული რეკომენდაციის, რომელიც წერს, რომ საქართველოში პროკურორი უნდა იყოს არჩეული 90 ხმით. ეს ავტორი ხომ შეიძლება გავიგოთ რომელი ქვეყნიდანაა, არის თუ არა იურისტი, რა გამოცდილება აქვს, რომ ჩვენ ვასრულებთ ამ რეკომენდაციას. იმიტომ რომ მისი რეკომენდაციით წყდება ქვეყნის მომავალი“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.