შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე
სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველოს თანასპონსორობით შედგენილი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის თავდასხმაზე უკრაინის წინააღმდეგ და ეს ტექსტი გამოიყენეს იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც იქ გაჩნდა ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელიც სასჯელს კონკრეტული დანაშაულების გამო იხდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, იმისთვის, რომ აქ სიტუაცია აერია. მისი მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 650-კაციან ასამბლეაზე და პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება მაშინ მოხდა, როდესაც მას ესწრებოდა 95 ადამიანი და საბოლოო ჯამში, შესწორებას მხარი 55-მა ადამიანმა დაუჭირა.
„მათ შორის, იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, იყვნენ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ადამიანები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი რუსეთის ხელისუფლებას და სხვა ქვეყნებს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.