ალუდა ღუდუშაური: რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ ტრაგედიის დროსაც პოლიტიკა შემოიტანოს

ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახა კალაძე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, კითხვას ვსვამ: მიზეზი რა არის? , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ითხოვენ.

მისი თქმით, სამწუხარო მომენტია, როდესაც „რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს“ რომ ტრაგედიის დროსაც „პოლიტიკა შემოიტანოს“.

„მინდა მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სამსახურის ყველა იმ თანამშრომელს, ვინც 24 საათის განმავლობაში მუშაობდა, მიუხედავად მათზე გარე ფსიქოლოგიური ზეწოლისა, რამდენიმე დღეში დაიდო შედეგი. სამართლებრივი შეფასების იქით ვხედავთ სამწუხარო მომენტს, რადიკალური ოპოზიცია პოულობს სივრცეს, რომ აქაც პოლიტიკა შემოიტანოს. სულ რამდენიმე საათი იყო გასული ამ ტრაგედიიდან, რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას ითხოვდნენ.

რას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს კახა კალაძემ? „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობა არის ყველაზე მთავარი ხაზი. თუ ვინმე იცნობს ბატონ კახას, ის არის თავმდაბლობით გამორჩეული ერთ-ერთი პირი, ვისაც მე ვიცნობ. უბრალოდ, თვითონ არის ძალიან მონდომებული, ამას ნათლად ხედავს საზოგადოება და განსაკუთრებით, თბილისელები. თუ ამ შემთხვევაში კონკრეტულ პირებს ჰქონდათ ბრალეული ქმედება, ეს არის საგამოძიებო ორგანოების საკითხი. ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური მიზანია, გადადგეს მერი. ვინც პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, რომ კახა კალაძე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, კითხვას ვსვამ – მიზეზი რა არის?

იცით რამდენი პარკი აქვს გახსნილი ქალაქის მერიას და უშუალოდ კახა კალაძეს. საკითხი დგება ისე, რომ ქალაქის მერი, როდესაც ამბობს პარკი გახსნილია, ამ დროს თურმე თვითონ უნდა შეემოწმებინა ელექტროგაყვანილობა, ექსპერტიზის დასკვნები, ვერ გავიგე, რაზეა საუბარი. გაიხედეთ ქალაქში და ნახავთ საშვილიშვილო პროექტებს, რომლებიც წლები იქნება ქალაქის სამსახურში, ასეთი პროექტები აქვს ადამიანს განხორციელებული მისი მენეჯმენტის დროს. ერთი ფაქტი, როდესაც დადგა, ამისგან არავინ არ არის დაზღვეული, მით უმეტეს, ეს არ არის განზრახ დანაშაული. ასეთი შემთხვევები ხდება იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკაში და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ამას არ აქვს სისტემური ხასიათი და, შესაბამისად, საკითხი არ არის რელევანტური“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები