დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის მორიგი დიალოგი (PPD) გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის (PPD) ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ” კანონპროექტის თაობაზე იმსჯელეს.

კანონის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების გზით.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის და კერძო სექტორის წამომადგენლები, ასევე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეული ციფრული განვითარების დარგის ექსპერტები ჩარლზ ჰარპი და ჰიმატ სანდჰუ. მხარეებმა იმსჯელეს წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე, მოისმინეს დამატებითი კონსულტაციები და შეაჯერეს პოზიციები.

ექსპერტებმა აღნიშნულ საკითხზე გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაცია გამართეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი კანონპროექტია, ვინაიდან მსგავსი რეგულაცია ქვეყანაში არ ყოფილა, შესაბამისად, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართულობა, რათა ზუსტი შედეგი იყოს მიღწეული.

„მნიშვნელოვანი საკითხია სექტორში ასეთი რეფორმა და ასეთი ცვლილება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ყველა მონაწილე მხარის აქტიური ჩართულობა იმისთვის, რომ რეფორმა სწორად განხორციელდეს, ყველა მხარის ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული, და შესაბამისად რეფორმა იყოს მდგრადი და ქმედითი. ეს არის ამავდროულად ევროკავშირის ერთ-ერთი დირექტივა და მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, ცალ-ცალკე ყველა მხრიდან, როგორც მარეგულირებლებიდან ასევე სექტორიდან წამოვიდა იმპულსები და მოთხოვნა იმისა, რომ ეს საკითხი დაძრულიყო. სწორედ ამას ემსახურება დღევანდელი შეკრებაც, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ რა არის მზად, ამის მიხედვით დავიწყოთ საკანონმდებლო პროცესი და შესაბამისად ეს რეფორმა განვახორციელოთ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები