“სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობები ევროკავშირის მიმართ არის შეცვლილი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრობიუროკრატიას და ევროპას ერთმანეთისგან” – მაჭავარიანი
“ბატონი ფიშერი და ბატონი ჰერჩინსკი მიჩვეული არიან – მარტივად გაურბიან ისეთ კითხვებს, რომლებიც მათ არ აწყობთ. ყველა ქვეყანაზე, მათ შორის სირიაზეც, როგორც კი რამე ხდება, მაშინვე აახლებენ ინფორმაციას. ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც დღემდე წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, ყველა ადამიანისთვს, ვინც საღად აზროვნებს, ეს არის შეურაცხმყოფელი – როდესაც ჩვენს სახელმწიფოს ამ დონეზე არ სცემენ პატივს.
“არ უნდა გაუკვირდეთ შემდეგ, რომ განწყობები რადიკალურად შეცვლილია ევრო ბიუროკრატების მიმართ. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობები კონკრეტულად ევროკავშირის მიმართ არის შეცვლილი, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვმიჯნავთ ევრო ბიუროკრატიას და ევროპას და ევროკავშირს ერთმანეთისგან. ევრო ბიუროკრატები და მათი ელჩები ისე იქცევიან, რომ განწყობები ასეთი ნიჰილისტურია ჩვენი მოქალაქეების თვალში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.