ვახტანგ ძაბირაძე: დღეს საქართველოს, და არამარტო ჩვენი, ბედი წყდება კიევში, იქ პროცესების განვითარება ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც
“დღეს საქართველოს, და არამარტო ჩვენი, ბედი წყდება კიევში. იქ პროცესების განვითარება ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც”, – ამის შესახებ ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტი, ვაკის პარკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ პრობლემა კომპლექსურია და მას სათანადო გამოძიება სჭირდება.
“ნება მომეცით, უპირველესად, გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. საშინელება მოხდა, შეძრული ვარ… უბედური შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული, მაგრამ ახლა აშკარად სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეს არც ერთი ოჯახის უბედურება და არც ყოველდღიურობიდან ამოვარდნილი ერთი შემთხვევაა. პრობლემა კომპლექსურია. ორ თემას გამოვყოფ: პირველი – სამართლებრივად ვინ არის პასუხისმგებელი ამ უბედურებაზე, ანუ ვინ შეასრულა ტექნიკური სამუშაოები და მეორე – პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. ტექნიკურ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი, ამას სათანადო ექსპერტიზა და გამოძიება სჭირდება.
ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით ასეთი ვითარება გვაქვს – ხელისუფლებაში მოსული ძალა ჯერ კოალიციურად მართავს ქვეყანას, რა დროსაც ქვეყანაში მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გარემო იქმნება, მერე მთავარი პოლიტიკური პარტია დანარჩენ კოალიციურ ძალებს იშორებს და იწყებს ერთპარტიულ მართვას. ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარდება და ყველაფერს ნახავენ”,- აცხადებს ძაბირაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე: “გიორგი ვაშაძის თქმით, იგეგმება დასავლური ორიენტაციის, ფართო ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება და რომ თითქოს მოლაპარაკება დაწყებულია, თუმცა გაირკვა, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ამის თაობაზე ჯერ ბევრი არაფერი იციან. საინტერესოა, თუ არსებობს დღეს რესურსი ამგვარი ერთობის შესაქმნელად და თუ შეიქმნება, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს?”,- რესპონდენტი პასუხობს, რომ იდეის რეალობად გადაქცევა რამდენად მოხდება, რთული სათქმელია.
“თეორიულად ამგვარი რესურსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ რამდენად მოხერხდება ამის რეალობად ქცევა, რთული სათქმელია. ბატონი ვაშაძე ძალიან აქტიური ადამიანია, მუდმივად ეკრანზეა, რაღაც იდეებს ისვრის, მაგრამ პოლიტიკოსი მარტო კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ რასაც ამბობს, იმის ნაწილის შესრულება მაინც უნდა შეეძლოს. სიმართლე გითხრათ, ვაშაძე რატომ უნდა ლაპარაკობდეს დიდ გაერთიანებაზე, არ ვიცი, იქნებ ჯობს ჩაიხედოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებში და ნახოს, რა მხარდაჭერა მიიღო. პირადად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ როცა ასეთი ინიციატივით გამოდიხარ, სულ ცოტა, საკუთარი შესაძლებლობები ხომ უნდა გქონდეს გაანალიზებული. იმისა არ იყოს, მრავალათასიან აქციებს რომ აანონსებენ ხოლმე, არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუსთაველზე 20 კაცს ძლივს შეკრებენ. ვაშაძე ექსპერტი ხომ არ არის, იდეები რომ შესთავაზოს ვინმეს, პოლიტიკოსია, რომელმაც საჯარო განცხადებების გაკეთებამდე ჯერ უნდა მოსინჯოს ესა თუ ის ინიციატივა. ამგვარად წამოსროლილი განცხადებები ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ მუშაობს.
ჩემი აზრით, გაერთიანებები აუცილებელია, მაგრამ მანამდე ელექტორატი უნდა გაანალიზდეს კარგად. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამომრჩეველი დაყოფილია სამ ნაწილად: 1. “ქართული ოცნების” მომხრეები; 2. “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები; 3. ელექტორატის ნაწილი, რომელსაც არც ერთი უნდა და არც მეორე. შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლის 2/3 ოპოზიციურია, მაგრამ ეს ხალხი საარჩევნოდ საით წავა, ესაა საკითხავი. დღემდე მნიშვნელოვანი ნაწილი “ქართული ოცნებისკენ” მიდიოდა, ნაწილი სულ არ მიდიოდა არჩევნებზე. მთავარია, მოხერხდეს ისეთი გაერთიანების შექმნა, რომელიც ამ ამომრჩეველს, რომელსაც არც “ნაციონალური მოძრაობა” უნდა და აღარც “ქართული ოცნება”, თავისკენ გადაიბირებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები გაიძახიან, ჩავდივართ რეგიონებში და ხალხი მხარს გვიჭერსო. ბატონებო, ნუთუ ვერ ხედავთ, როდესაც ამა თუ რეგიონში თუ უბანში მიდიხართ, მხოლოდ თქვენი მხარდამჭერები მოდიან თქვენთან შესახვედრად და ეს მთელი მოსახლეობა არ არის. ბევრი რამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პატარა პარტიებს შეექმნათ გაერთიანება. აშკარად ჩანს, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება 2 მიმართულებით იბრძოლებს: იქნება “ქართული ოცნება” და იქნება ეს ე.წ. “ხალხის ძალა”, რომელსაც პარტიად ჩამოაყალიბებენ და შეეცდებიან პრორუსული ელექტორატი, რომელიც აქამდე “პატრიოტთა ალიანსს” თუ “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი იყო, საკუთარ ყულაბაში მიითვალონ, რადგან პროპორციულ არჩევნებში აღარ აქვთ მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვების შანსი. აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს. იქ როგორც კი დასრულდება საომარი მოქმედებები და რაღაც გადაწყდება, ეს სარკისებურად აირეკლება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. რუსეთს ისე უჭირს, რომ გამარჯვების შანსი ნაკლებად აქვს, მაგრამ თეორიულად თუ დავუშვებთ რუსეთის უპირატესობას, ჩათვალეთ, რომ საქართველო რჩება რუსულ ორბიტაზე. მეტიც, შეიძლება ეს მთელ სამხრეთ კავკასიაზეც გავრცელდეს. თუ პირიქით მოხდა, მაშინ “ქართულმა ოცნებამ” ახლავე უნდა ეძებოს თავშესაფარი.
გარდა ამისა, ოპოზიციას აქვს სხვა პრობლემებიც, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების. ოპოზიციაში არიან პირები, გვარებს არ დავასახელებ, რომელთა შესახებ ელექტორატის აზრი ჩამოყალიბებულია და მათ აქტიურობას უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს, ვიდრე პოზიტივი. თუ ქვეყნის ინტერესებზეა ლაპარაკი, ეს ყველაფერი უნდა გაანალიზდეს და გადაწყვეტილებებიც შემდგომ მიიღონ.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საკითხს – პირადად მე არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის ისე წარმოჩენას, თითქოს დამნაშავე არ არის და ტყუილად ზის ციხეში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მან მართლაც უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ მის გათავისუფლებას არ ვეწინააღმდეგები. “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დღეს არაფერი ემუქრება, დასავლეთი იძულებულია გაუწიოს ანგარიში და ჩვენი ხელისუფლება მიიწვიოს ყველა მნიშვნელოვან ფორუმზე, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კილო სულ უფრო მკაცრი ხდება.
დღეს საქართველოს, და არა მარტო ჩვენი, ბედი წყდება კიევში. როგორც აღვნიშნე, იქ პროცესების განვითარება ბევრ რამეს შეცვლის მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც. ეს მშვენივრად იციან “ქართულ ოცნებაშიც” და ცდილობენ გაჰყვნენ დინებას და საკუთარი ძალაუფლებისთვის უსაფრთხოება ასე უზრუნველყონ. შემდეგ როგორ იქნება საქმე, ჯერ ამაზე თავს არ იტკივებენ, იმედი აქვთ, რომ სიტუაციურად იმოქმედებენ და თავს ასე გადაირჩენენ.
რაც შეეხება სააკაშვილის გათავისუფლებას, მიმაჩნია, რომ სულ ცოტა 2024 წლამდე სააკაშვილი სჭირდებათ საქართველოში. თუ მის ჯანმრთელობას მართლაც სერიოზული საფრთხე არ დაემუქრა, ვფიქრობ, მას ქვეყნიდან არ გაუშვებენ”, – განაცხადა ძაბირაძემ.