გაერო მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავს
დღეს გაერო მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი, კუ დონჟუ, ღია წერილს ავრცელებს:
“არავინ ყურადღების მიღმა – ეს წლევანდელი მსოფლიო სურსათის დღის მთავარი თემაა და მოწოდება მსოფლიოსადმი: გავიაზროთ საგანგაშო რეალობა, რომ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის ფონზე სულ უფრო მეტი ადამიანი რჩება ყურადღების მიღმა. ამას არაერთი მიზეზი აქვს: მიმდინარე კონფლიქტები, მათ შორის, ომი უკრაინაში, COVID-19-ით გამოწვეული პანდემია და კლიმატის კრიზისი. პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს ინფლაცია და დრამატულად გაზრდილი ფასი სურსათზე, საწვავზე, სასუქზე, ენერგეტიკაზე, რამაც შეიძლება შექმნას სურსათზე წვდომის კრიზისი ახლა და მასზე ხელმისაწვდომობის კრიზისი, სავარაუდოდ, მომავალ სეზონზე. ბოლო კვირებსა და თვეებში უამრავი ადამიანი შეძრა სურათებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მწვავე პრობლემებს ასახავს. FAO-სა და პარტნიორების უახლესი ანგარიშის „სასურსათო უსაფრთხოება და კვება მსოფლიოში (SOFI)” მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 828 მილიონი ადამიანი საკვების მუდმივ ნაკლებობას განიცდის. ეს რიცხვი 46 მილიონით მეტია, ვიდრე 2020 წლის იგივე მაჩვენებელი და 150 მილიონით აღემატება COVID-19-ით გამოწვეულ პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს. პანდემიის შედეგებმა გააღრმავა უთანასწორობა, გაზარდა უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის რიცხვი და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრა უფრო გაართულა, განსაკუთრებით, მოწყვლად ქვეყნებში. ჩვენ რთული ამოცანა გვაქვს – მივაღწიოთ შედეგს „არავინ ყურადღების მიღმა“, თუნდაც, მოსახლეობის მხოლოდ სურსათით უზრუნველყოფით კონტექსტში, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანებისთვის მშვიდი, თანასწორი, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნაზე. ამის მიუხედავად, არ გვაქვს სასოწარკვეთის უფლება და არც იმის, რომ ყველაფერი ძველებურად განვაგრძოთ და განსხვავებული შედეგის მიღებას დაველოდოთ. არსებობს მნიშვნელოვანი გზები, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. შევხედოთ ერთ-ერთ მაგალითს: მზარდი საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტებისა და კატასტროფების ფონზე, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველაზე მოწყვლადი ადამიანების მხარდაჭერაა, რომ მათ საარსებო წყარო ჰქონდეთ. ეს მხარდაჭერა უკეთესად კოორდინირებული და უფრო ფართომასშტაბიანი უნდა იყოს, ასევე – დროული და ემთხვეოდეს თესვისა და შინაური ცხოველების პროდუქტიულობის სეზონს.
შოკის მომგვრელი ფაქტი ის არის, რომ შიმშილის პირობებში მყოფი ყოველი სამი ადამიანიდან, მინიმუმ ორი სოფლად მცხოვრები საკვები პროდუქტის მცირე მწარმოებელია. კრიტიკული ამოცანაა, მათ დავეხმაროთ: ჯერ საკუთარი თავი გამოკვებონ, შემდეგ კი – ჩვენ. ადგილობრივი თემები ყურადღების მიღმა ადვილად რჩებიან, როდესაც მსოფლიოს ერთ წერტილში გადაუდებელი დახმარებაა საჭირო, სხვაგან – განვითარების სამუშაოები, თუ კონფლიქტურ ადგილებში მშვიდობის ხელშეწყობა. ამიტომ, უკეთესი კოორდინირება გვჭირდება, რომ შესაბამისად განვსაზღვროთ ჩვენი დახმარების საჭიროების მქონე სამიზნე სეგმენტები. გლობალურ დონეზე, მეტი სოლიდარობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, მსოფლიოში ყველაზე მოწყვლად ერებს გლობალური მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა მათი ყველაზე ღარიბი მოსახლეობის სოციალური დაცვა შეძლონ – ეს მათ კატასტროფების დროს, მეტი გამძლეობის შესაძლებლობას მისცემს. მთავრობები საერთო სიკეთეზე უნდა ფოკუსირდნენ და თავიდან აიცილონ პროტექციონისტული ქმედებები. ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს საერთაშორისო ბაზრებზე, თუ ვაჭრობის ღიაობითა და მოწოდების ჯაჭვის მოქმედებით, სურსათის მოწოდების პოტენციურ შოკს შევამცირებთ. ყველაზე მოწყვლადი ადამიანების გაძლიერება შესაძლებელია მთავრობების, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო სექტორებისა და სხვა ჩართული მხარეების ერთად მუშაობით, თუ გარდავქმნით სურსათის წარმოების, გავრცელებისა და მოხმარების გზებს. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზემოაღნიშნული ჯგუფების, ქალებისა და ახალგაზრდების ჩათვლით, საბაზისო სასოფლო-სამეურნეო საჭიროებებით მომარაგება, სწორი მიმართულებით გადამზადება, მოტივაციის შექმნა, ინოვაცია და ტექნოლოგიები. ერთ-ერთი პირველი, საიდანაც უნდა დავიწყოთ, მეტი ინფორმაციის საჭიროებაა მათ შესახებ, თუ ვინ და რატომ რჩება ყურადღების მიღმა. თუ მთავრობები უფრო მეტად ადამიანებზე ორიენტირებულ კვლევებსა და მონაცემებს მოიპოვებენ, ამ ემპირიულ ცოდნაზე დაყრდნობით მეტად ინკლუზიური, რეაქტიული, პასუხისმგებლობიანი ინსტიტუციებისა და სოციალური პრაქტიკები შექმნას შეძლებენ. „არავინ ყურადღების მიღმა“ – ამ პრინციპის სტრატეგიებში, გეგმებსა და ბიუჯეტებში გათვალისწინება მთავრობებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად. ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ რომ ამ ყველაფრის შესახებ სხვადასხვა დონეზე ხმა გავავრცელოთ? შეგვიძლია, ვიმოქმედოთ ეფექტურად, ერთიანად და მეტი თანაგრძნობით, ხმა ავიმაღლოთ და გადაწყვეტილების მიმღებებზე გავლენა ვიქონიოთ, რომ ყურადღების მიღმა არავინ დატოვონ. ასევე შეგვიძლია ნაკლები სასურსათო დანაკარგი შევქმნათ, მივიღოთ ჯანსაღი და სეზონური საკვები და მოვუაროთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ნიადაგს და წყალს. ამ კონტექსტში, მინდა ყურადღება ახალგაზრდებზე გავამახვილო. უკვე მეორე წელია, ისინი მსოფლიო სურსათის ფორუმის პლატფორმის ცენტრალური ნაწილი არიან, რომელსაც ჩვენ ჰიბრიდული მოდელით FAO-ს მთავარ ოფისში, რომში ვმართავთ (17-21 ოქტომბერს). ღონისძიება ასევე მოიცავს გლობალურ ახალგაზრდულ ფორუმს, სამეცნიერო, ინოვაციურ და საინვესტიციო ფორუმებს. მათმა იდეებმა და ენთუზიაზმმა ჩვენს განწყობებში ქმედებები და სოლიდარობა უნდა შემოიტანონ, რათა ერთად მივაღწიოთ: უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოსა და უკეთეს ცხოვრებას ისე, რომ ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს”,- ნათქვამია ღია წერილში.