ლიანა ისაკაძე საქართველოს 16 აგვისტოს ეწვევა

   27-დან 31 აგვისტოს ჩათვლით ქალაქ ბათუმში VI საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართება, რომლის უცვლელი ხელმძღვანელი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძეა.
წლევანდელ ფესტივალზე, ტრადიციისამებრ, თავს მოიყრიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები. მათ შორის აღსანიშნავია ლიტველი დირიჟორი გინტარას რინკევიჩუსი, სერგეი ნაკარიაკოვი, ვიოლონჩელისტი დენის შაპოვალოვი, აგრეთვე ვიოლონჩელისტი ალექსანდრ კნიაზევი, ფლეიტისტი იოსი არნჰეიმი, ამერიკელი პიანისტი სერგეი ბაბაიანი და ინგლისელი მევიოლინე იური ჟისლინი. სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოდიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსებიც, კერძოდ: დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, ალტისტი ოთარ მელიქიშვილი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ნიჭიერი ქართველი მოზარდები: დათო წივწივაძე და სანდრო ნებიერიძე, რომლებიც უკვე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან. რა თქმა უნდა, ფესტივალს დაამშვენებს შეუდარებელი ლიანა ისაკაძე და მის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ორკესტრი “ვირტუოზები”.
ფესტივალის პროგრამა მეტად მრავალფეროვანია: 4 დღის განმავლობაში ბათუმის საზაფხულო თეატრში შესრულდება მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკის, სენ-სანსის, შუბერტის, მენდელსონის, შოპენის, პროკოფიევის, რახმანინოვის, ბეთჰოვენის ნაწარმოებები. მათ შორის რამდენიმე ნაწარმოები თავად ლიანა ისაკაძის მიერ არის არანჟირებული.
ბათუმის ფესტივალის მონაწილეები თბილისსაც ესტუმრებიან, სადაც 3 სექტემბერს კონცერტს რუსთაველის თეატრში გამართავენ. თბილისური კონცერტი 20 საათზე დაიწყება.
ფესტივალი საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები