მარიკა არევაძე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს შეხვდა

სახალხო დამცველის კანდიდატი, მარიკა არევაძე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდა. შეხვედრისას კანდიდატმა პარტიის წევრებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების ხედვები გააცნო.

„შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მივაწოდე ინფორმაცია ჩემი ხედვებისა და გეგმების შესახებ, თუ რას გავაკეთებ ჩემი სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში.

მოგეხსენებათ, რომ პროცედურის მიხედვით, კანდიდატების წარდგენას ახდენს საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები. შესაბამისად, ჩემი შეხვედრების მიზანია მოვიპოვო ნდობა, რათა ჩემი კანდიდატურა წარდგენილ იქნება საქართველოს პარლამენტისთვის“, – განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ომბუდსმენის არჩევის პროცესმა გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიაროს, რათა ხელი შეეწყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

„მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დამოუკიდებელი კანდიდატების შესარჩევად მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი გარემო, რის წინაპირობასაც შექმნის კანდიდატების მრავალფეროვნება. შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების შემდეგ იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციის მხრიდან წარდგენილი კანდიდატების რაოდენობა კონკურენტული გარემოს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს მარიკა არევაძე.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კანდიდატმა, მარიკა არევაძემ შეხვედრების ორგანიზებისთვის წერილობით მიმართა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს. ამ დროისთვის შეხვედრები გამართა პარტიებთან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და „ლელო საქართველოსთვის“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები