ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიშზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიშზე იმსჯელა.

მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის თქმით, დაცული შრომის უფლებები, ღირსეული, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო პირობები, ეს არის ფუნდამენტი, რაზეც შრომის ინსპექციის სამსახური დგას.

„ეს ის პრინციპებია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, როგორც მე – მთავარი შრომის ინსპექტორი, ასევე შრომის ინსპექციის გუნდის თითოეული წევრი. ეს ის მიზნებია, რომელთა მისაღწევადაც 2015 წელს ჩამოყალიბდა შრომის ინსპექციის სამსახური და შედგა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ნების ერთიანობა, ქვეყანაში ღირსეული შრომის იდეის ირგვლივ. შრომის ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირების დასაწყისიდან დღემდე, შრომის ინსპექტორთა გუნდი ყოველდღიურად იბრძვის, რათა ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდეს ღირსეული შრომის კულტურა. ამ დიდი გზის დასაწყისი იყო ამბიციურიც და ბუნდოვანიც, სირთულეებთან და გამოწვევებთან მუდმივი ჭიდილის პირობებში, შრომის ინსპექციის სამსახურში დასაქმებულთა შრომის უფლებისთვის და მათი შრომის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი თქმით, მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების, ისევე როგორც სოციალური პარტნიორების სრული მხარდაჭერით, დღეს უკვე თითოეულ დასაქმებულს შრომის ინსპექციასთან ერთად მისი უფლებების რეალიზების ქმედითი ბერკეტი გააჩნია. ბექა ფერაძის ინფორმაციით, ჯამში 13612 ობიექტის შემოწმებისას 58 830 აქტივობა განხორციელდა და ჯამში 4538 დარღვევა გამოვლინდა.

„შემოწმების შედეგად გამოვლინდა შეუსაბამობები საქართველოს ორგანულ კანონთან ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” და სხვადასხვა ტექნიკურ რეგლამენტთან, რომლებზეც განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. პირველი გაფრთხილების შემდგომ, გონივრული ვადის გასვლისთანავე განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა, რომ 126-მა საწარმომ, რომელიც შემოწმებულ საწარმოთა 28%-ს შეადგენს, სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო, ნაწილი შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დაჯარიმდა 200-დან 14000 ლარის ფარგლებში და განესაზღვრა ვადა შეუსაბამობების გამოსასწორებლად”, – განაცხადა შრომის მთავარმა ინსპექტორმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიით შექმნილი გამოწვევებისა მათ კანონით დაკისრებულ მოვალეობებს თავი წარმატებულად გაართვეს.
„მონაცემები, რომელიც აქვს ახლად შექმნილ დაწესებულებას საკმაოდ შთამბეჭდავია ,მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დაემთხვა ამ დაწესებულების შექმნა და მანდატის გაფართოება ისეთ უმძიმეს გამოწვევას, როგორიცაა კოვიდ პანდემია, რომელმაც კიდევ დამატებითი გამოწვევები ყველაზე მეტად გაუჩინა შრომის ინსპექციას. ეს მართლაც რთული ამბავი იყო და ვფიქრობ, რომ წარმატებულად გაართვით თავი იმ ამოცანებს, რომელიც კანონმა დაგაკისრათ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები