იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა” და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა
პარლამენტში ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, „საარჩევნო კოდექსსა” და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ” და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ გააცნო. საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას ეხება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების გარდა, ცვლილებებზე მუშაობისას გათვალისწინებულია GRECO-ს რეკომენდაციებიც. დეპუტატმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა.
„12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება საარჩევნო კანონმდებლობაში ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის ცვლილებების შეტანაზე რეკომენდაციაა წარმოდგენილი, რომლის შესაბამისადაც შედგა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში ინტენსიურად იმუშავა. შეფასებები გაკეთდა, რომლის მიხედვითაც, ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და ასევე ევროსაბჭოს GRECO-ს რეკომენდაციების ნაწილი არის შესრულებული. ჩვენი აქცენტირება გაკეთდა იმ საკითხებზე, რომელიც ან შესრულებულის მიღმა იყო, ან ნაწილობრივ იყო შესრულებული. ჩვენ გამოვკვეთეთ საკითხების ფართო სპექტრი.
ფაქტიურად, თითქმის ყველა პოზიციაზე საკითხებთან მიმართებაში სამუშაო ჯგუფი შეჯერდა. რაც წარმოვადგინეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და იურიდიული კომიტეტის სახელით, დადგენილი გრაფიკის დაცვით, დავაინიცირეთ ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში” და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანულ კანონში. იყო რიგი საკითხები, რაზეც ჯგუფი ვერ შეთანხმდა და უმრავლესობამ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები და ამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული”, – განაცხადა გივი მიქანაძემ. პროექტის მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ელექტრონული საარჩევნო სისტემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურებს გულისხმობს.
„საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე ჯარიმა ორმაგდება და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა იზრდება. წესდება საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით არჩეულ წევრთა სერტიფიცირება და შეიქმნება სერტიფიცირებულ კომისიის წევრთა ბაზა. პროექტის თანახმად, თუ საარჩევნო უბანში დათვლის შედეგად დაფიქსირდა 5 ან 5-ზე მეტი ან 10 ან 10-ზე მეტით ნაკლები ბიულეტენი მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან შედარებით, საარჩევნო უბანი გადათვლას დაექვემდებარება. მარკირებას დაექვემდებარება ამომრჩეველი, ვინც გადასატანი ყუთით ისარგებლებს. „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებებით, იზრდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა. ცვლილებების პროექტით, ფართოვდება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა მანდატი. გივი მიქანაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აღნიშნული ელექტრონული აპარატურით იგეგმება, რომელიც მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70%-ს, თუმცა ეს რიცხვი დეპუტატის ინფორმაციით, შესაძლოა, მეტიც იყოს.
„კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს, მინიმუმ 70 პროცენტი აისახება იმ ცვლილებებში, რომელიც შემდგომ პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად. ეს 70 პროცენტიანი ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნება ჩანაწერის სახით. ხოლო იმ დარჩენილ, მაქსიმუმ 30 პროცენტში, ჩვენ ვაკეთებთ სრულ გაციფრულებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომ ვებგვერდზე იხილოს თითოეული ბიულეტენი, რომელიც საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ იქნება დათვლილი და შესაძლებელი იქნება შედარება შემაჯამებელ ოქმთან, რომელიც ამ ბიულეტენებთან ერთად იქნება ატვირთული”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
კანონპროექტის განხილვაში არასამთავრობო ორგანიზაციების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტი სესიაზე განსახილველად მიმდინარე კვირას გავა.