ლაშა ბერიძე: ვფიქრობ, პუტინი და რუსული სამხედრო აზროვნება ცაიტნოტშია

“ვფიქრობ, პუტინი და რუსული სამხედრო აზროვნება ცაიტნოტშია – ამ ომში ვხედავთ, რუსეთი რამხელაზე ჩამორჩება ტექნოლოგიებით ყველას”, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, პუტინს ძალიან რთულ სოციალურ პრობლემებთან ექნება საქმე.

“ეს მობილიზაცია უფრო პოლიტიკური ნაბიჯია და ვფიქრობ, მას გადამწყვეტი ეფექტი არ ექნება. რეზერვისტი, 300 ათასი იქნება თუ 300 მილიონი, მნიშვნელობა აღარ აქვს. ამ ომში პირველივე დღიდან აკლდა რუსეთს მომზადებული ჯარისკაცები, პირადი შემადგენლობა. ახლა, როცა უპირატესობამ ნელ-ნელა უკრაინის მხარეს გადაინაცვლა, მას შეუძლია, დაბომბოს რუსული ქვედანაყოფები. რუსეთს ყველაზე მეტად ქვეითი ჯარი უჭირს, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, ვერ მოქმედებენ – კოლონა ჩამოქვეითდებოდა თუ არა, ქაოსი იწყებოდა. მობილიზაცია ეფექტური რომ იყოს და ეს ხალხი საზარბაზნე ხორცი არ გახდეს, უნდა გყავდეს მომზადებული და აღჭურვილი რეზერვი. ასეთ ხალხს მოკლე დროში შეუძლია, ჩადგეს ფორმაში და დაიცვას სამშობლო. რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სარეზერვო ქვედანაყოფები არ ჰყოლია, რაც ჰყავდა, უკვე გამოიყენა. ეს ხალხი მხოლოდ და მხოლოდ სამობილიზაციო რესურსია.

როდესაც ჩვენ ავღანეთის ომში ვგზავნიდით ქვედანაყოფებს, ისინი ექვსთვიან მომზადებას გადიოდნენ ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების კოორდინირებული მოქმედებით. უკრაინის ომი გაცილებით რთული და სასტიკია, ვიდრე ავღანეთის. ვთქვათ, შეკრიბეს ეს ხალხი და თუ მათ მომზადებას დაიწყებენ, რამეს რომ მიაღწიონ, მინიმუმ, 6 თვე სჭირდებათ. 300 ათასი არარეალური, გაბუქებული ციფრია. 100 ათასი კაცი რომ მოამზადონ, 3 ან 5 კარგად მომზადებულ ქვეით ჯარისკაცზე ერთი ინსტრუქტორი უნდა გათვალო, ესე იგი, 6 თვის განმავლობაში 100 ათასი კაცი რომ მოამზადო, 20 ათასი ინსტრუქტორი გჭირდება. 20 ათასი ინსტრუქტორი რუსებმა სად ჯანდაბაში უნდა ნახონ? ასეთი ხალხი რომ ჰყოლოდათ, მათი ჯარი ასეთი მოუმზადებელი არ იქნებოდა.

ვფიქრობ, პუტინი და რუსული სამხედრო აზროვნება ცაიტნოტშია. ახლა ამ ომის დროს მოინდომეს რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში, რომ თქვან, ეს რუსეთია და თუ თავს დაგვესხმებით, ატომურ ბომბს გამოვიყენებთო. ეს ძალზე მიამიტური აზროვნებაა, ბირთვულ შანტაჟთან გვაქვს საქმე. ბირთვული იარაღის გამოყენება ხომ ურთიერთდანგრევის პრინციპზეა დამყარებული. ბირთვული შეკავება დამყარებული არ არის თავდაცვაზე, ბირთვული შეკავება ნიშნავს იმას, რომ უნდა გაიგო, რომ ვიღაც ბირთვულ იარაღს იყენებს და უნდა დაასწრო. ამ ომში ვხედავთ, რუსეთი რამხელაზე ჩამორჩება ტექნოლოგიებით ყველას. პუტინს უნდა ესმოდეს, რომ თუ ამ ვერაგობას დააპირებს, დიდი ალბათობით, იარაღის გამოყენებას დაასწრებენ”, – აცხადებს ექსპერტი.

ჟურნალისტის კითხვაზე: “დავუშვათ, პუტინმა გაბედა და უკრაინას დაარტყა, რა იქნება მსოფლიოს პასუხი?”, – რესპონდენტი პასუხობს:

“მთელი დასავლეთის სპეცსამსახურები ცდილობენ ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებას. რუსეთი არაერთხელ მკაცრად გააფრთხილეს, როცა ის ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრებოდა. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ისიც გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. აშშ-ს ეს საჯაროდ არ განუცხადებია, მაგრამ აშკარად მიანიშნებს, რომ მზად არის თავადაც გამოიყენოს. თუ რუსეთი გადაწყვეტს უკრაინას დაარტყას, დარწმუნებული ვარ, პირველად მას მოხვდება გვერდებში. პუტინი რანაირ გიჟადაც უნდა გვეჩვენებოდეს, მთლად ისეთი გიჟიც არაა, რომ ბირთვული იარაღი გამოიყენოს. დიახ, ეცდება ყველა დააშინოს, არ შემოგვიტიოთ, თორემ ამას ვიზამო, მაგრამ უკრაინელები არ გაჩერდებიან.

იმის შიშით, რომ საბჭოთა კავშირს ბირთვული იარაღი ჰქონდა, მისთვის ყველაფერი არ დაუთმიათ, პირიქით, მარტივ მამრავლებად დაშალეს. ასე რომ, ბირთვული ომი შანტაჟია და რეალისტურად არ მიმაჩნია. რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება, მაშინ გამოიყენოს, თუ უკრაინელები პირდაპირ რუსეთს შეუტევენ. ჩემი აზრით, ახლა უკრაინა გააგრძელებს წნეხს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებაზე. რუსეთს არა ჰყავს საჭირო რაოდენობის მომზადებული პირადი შემადგენლობა, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნით შეაკავოს, მობილიზებული ხალხი კი ამ მებრძოლებს ვერ ჩაანაცვლებს. ბირთვული შანტაჟის მიუხედავად, რუსეთს გაცილებით მეტი პრობლემა თვით ქვეყანაში ექნება, მობილიზაციის გამოცხადება ერთია, მისი შესრულება – მეორე. რუსეთიდან მომდის ინფორმაცია, რომ თავდაპირველად კავკასიელებსა და ბურიატებს გაიწვევენ. საწყენია, მაგრამ რუსებს ყველაზე მეტი საზარბაზნე ხორცი ჩრდილო კავკასიაში ჰყავთ. როდესაც დიდ ქალაქებს მიადგებიან, წინააღმდეგობა მერე ნახეთ. პუტინს ძალიან რთულ სოციალურ პრობლემებთან ექნება საქმე, ამიტომ ატომურ ბომბებზე “ბლატაობას” უნდა შეეშვას”, – განაცხადა ბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები