“ჩაბარდა ეროვნულ მუზეუმს” – კულტურის სამინისტრო სამეცნიერო ღირებულების მქონე დაკარგული კბილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო ოროზმანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი 1.8 მილიონი წლის წინანდელი კბილის დაკარგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული, სამეცნიერო ღირებულების მქონე კბილი უკვე ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი კბილს კარადაში, ტანსაცმლის ჯიბეში ინახავდა.

“2022 წლის 1 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა ნებართვა ოროზმანში არქეოლოგიური გათხრების განხორციელების თაობაზე. თუმცა, 2022 წლის 20 სექტემბრამდე, არც სააგენტოს და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს არავითარი ოფიციალური ცნობა არ მიუღია გათხრების მიმდინარეობის ან მათი შედეგების შესახებ, და არც განათხარი მასალა ყოფილა წარმოდგენილი.

ვინაიდან ცნობილი იყო ოროზმანში მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ (ინფორმაცია ვრცელდებოდა მედია საშუალებებითაც) და ჩაითვალა, რომ არსებობდა მასალის დაკარგვის რისკი, 2022 წლის 19 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც გათხრებზე ნებართვის გამცემმა ორგანომ, შექმნილი ვითარების შესახებ შეატყობინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალურ ინსპექციას.

20 სექტემბერს, გენერალური ინსპექციის მიერ თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, გამოკითხულ იქნა ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი), რომელმაც აღიარა, რომ ოროზმანის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ოროზმანიდან იქნა წამოღებული ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა, მასალა მუზეუმში წარმოდგენილი არ ყოფილა და ის მას ჰქონდა წაღებული სახლში, სადაც ინახავდა ტანსაცმლის კარადაში საკუთარი ინიციატივით, რადგან „ნივთს ჰქონდა სამეცნიერო ღირებულება“. მან ამის შესახებ თავად შეადგინა ახსნა-განმარტება და ხელმოწერით დაადასტურა ფაქტი.

იმავე დღეს, ეროვნული მუზეუმის მოცემული თანამშრომლის მონაწილეობით, მისივე ბინაში, კულტურული მემკვიდრეობის გენერალური ინსპექციის მიერ ამოღებულ იქნა უძველესი ადამიანის კბილი ტანსაცმლის კარადაში განთავსებული ჩანთიდან. ჩანთაში მოთავსებული პაკეტი გაიხსნა თანამშრომლის თანდასწრებით, შედგა შესაბამისი ოქმი, დაილუქა ხელახლა იმავე პირის მონაწილეობით, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ყოველივე.

ამოღებული მასალა (კბილი), დალუქულ მდგომარეობაში და კანონით დადგენილი წესით, 20 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად.

ამასთან, გამოირკვა, რომ კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც როგორც თავისთავად, ისე კბილის დასათარიღებლად უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმებისა და მასალის სრულყოფილი აღწერის გარეშე, ოროზმანიდან ასევე გადმოტანილ იქნა (თარიღი უცნობია) თბილისში და არაოფიციალურად დასაწყობდა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც ავარიულია და სადაც არც ერთი ოთახი დაცული არ არის. 20 სექტემბერს, მოცემული მასალა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გენერალური ინსპექციის მიერ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით აღიწერა, შეიფუთა, დაინომრა, დასურათდა და ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს კანონით დადგენილი წესით”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები