ისტორიას დარჩება… კადრები გიორგი აბდალაძის ფოტოობიექტივიდან

          გიორგი აბდალაძის ფოტომეხსიერებაში საქართველოს ისტორიის ბოლო 20 წელი ინახება. ის ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია. იქ არის, სადაც ყველაა, სადაც არავინ არის… სადაც მშვიდობაა… სადაც ომია… იმიტომ რომ ფოტორეპორტიორია და ეს მისი პროფესიაა.
გიორგის ფოტოებმა აგვისტოს ომიდან მსოფლიო მოიარეს. მოყვნენ იმ ტრაგედიაზე, რაც საქართველომ გადაიტანა.
ფოტო-ისტორია მისი ობიექტივიდან და კადრები, რომლებიც გიორგი აბდალაძეს არასდროს დაავიწყდება – აგვისტოს ომის მეექვსე წლისთავზე თავად ფოტოგრაფი ყვება.

– სანამ ფოტორეპორტორი გახდებოდი…
– დავიბადე ქუთაისში 1972 წლის 9 აგვისტოს. სანამ ფოტორეპორტიორი გავხდებოდი, სამხატვრო ინსტიტუტში და ეკონომიური უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ისტორიული ძეგლების აღდგენა-რესტავრირების ფაკულტეტი დავამთავრე და ვმონაწილეობდი არქეოლოგიურ გათხვრებში. ვმუშაობდი ბაგრატის ტაძარზეც, რაც ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ სამუშაოები შეჩერდა და მასთან ერთად ჩემი ამ პროფესიით მუშაობაც… ამის შემდეგ ამოვყავი თავი ჟურნალისტიკაში და დავრჩი ამ პროფესიაში. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმ ხათაბალებისა, რაც ამ სფეროში ხდება.
– რომელია ყველაზე საინტერესო მომენტი ამ პროფესიაში?
– თუნდაც ის, რომ ზღვა ადგილებში გიწევს მოგზაურობა, ზოგ შემთხვევაში ისეთი ადგილებში, სადაც სხვა პროფესიის მქონე ადამიანი ვერ მოხვდება. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყველა რანგის, ყველა ჩინის უამრავ ადამიანს ხვდები და ამ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა.
– თუ შეგიძლია გავლენა მოახდინო მოვლენებზე, რომელიც შენს გარშემო ხდება?
– ჩვენ მხოლოდ ვიღებთ იმ სურათს, იმ რეალობას, რაც ხდება ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ეს არის ჩვენი პროფესია. ფოტორეპორტიორი გამოირჩევა იმით, რომ ის დოკუმენტალისტია. მხატვრულ ჩანახატებს არ აკეთებს, თუმცა გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ დაინახო განსაკუთრებული და გამორჩეული კადრი, ისეთი, როგორიც ყველას მოეწონება. ანუ რეპორტიორი ის ადამიანია, რომელიც ამა თუ იმ მოვლენას აღწერს და ამბავს გიყვება.
– რა გასწავლა წლებმა?
– 20 წელია ამ პროფესიით ვმუშაობ და მე არ მეგულება ადამიანი, ვინც ამ პროფესიაში არის და არ უყვარს ეს საქმე. ეს არ არის ის, რომ რაღაც მიზანს მიაღწიო და გაჩერდე. აქ ყოველ დღე სწავლობ, ახალ რაღაცას ხედავ. თუნდაც ერთი რეპორტაჟის რამდენჯერმე გადაღებისას, ცდილობ, უკეთ დაინახო იგივე მოვლენა და თვითონაც განვითარდე.
– თუმცა შენს ფოტოობიექტივში ხშრად უარყოფითი მოვლენები ხვდებოდა…
– ჩემდა სამწუხაროდ, მე სულ მიწევდა ცუდი მოვლენების გადაღება. ძირითადად, ეს იყო მიტინგები, აქციები, დარბევები, ომები… ბოლო იყო 2008 წლის ომი, რომლის გამოფენაც ხვალ პოლონეთში გაიხსნება. ეს გამოფენა ჩვენ მივუძღვენით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დაიღუპნენ ამ ომის დროს. იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ პროფესიას შეეწირნენ. და, სამწუხაროდ, ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული.
– ომში მუშაობისას, როდესაც ადამიანური და პროფესიული კუთხეები ეჯახება ერთმანეთს, როგორ ახერხებ კონცენტრაცია სამუშაოზე მოახდინო?
– საკმაოდ რთულია, როდესაც შენს ქვეყანასში ხდება ეს. რადგან კიდევ უფრო მტკივნეული და ბევრად მძიმეა შენთვის. განცდები უფრო მეტად გეუფლება, მაგრამ უნდა იყო უფრო მეტად კონცენტრირებული საქმეზე. ყოველი ნაბიჯი აწონ-დაწონო და ისე გადაიღო. ჩვენი ამოცანაც ის იყო, რეალურად გვეჩვენებინა, თუ რა უბედურება დაატყდა ჩვენს ქვეყანას და რა სისასტიკეს ჩადიოდა რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ. რომ ხოცავდა არა მარტო სამხედრო პირებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც, ანადგურებდა სოფლებს. ეს გავაცანით მთელ მსოფლიოს ჩვენი ფოტოებით. რეალურად ამ ფოტოებმა მთელ მსოფლიოს უთხრა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი იყო და დიდი უბედურება ტრიალებდა.
ჩემი ფოტოების გმირებს შემდეგ რამდენჯერმე შევხვდი და, სამწუხაროა, რომ მათთვის პრობლემები ისევ პრობლემებად დარჩა. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ეს ფოტოკადრები ისტორიას დარჩება.
– ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დროს?
– მე იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან სამართლიანობა აღდგება, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს და დაისჯებიან ისინი, ვინც ჩაიდინა დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს, ალბათ, განსაცდელია ჩვენს მიმართ და უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ სწორად..
– შენს ცხოვრებაშიც ყოფილა რთული პერიოდები… როგორ ცდილობ ამ სივრციდან გამოსვლას?
– მობილიზებით. საკუთარი ემოციების და გრძნობების მობილიზებით და სწორი ანალიზით.
და ბოლოს.. როგორია მომავლის საქართველო, რომელსაც გიორგი აბდალაძე საკუთარი ობიექტივიდან ხედავს?
– მე იმედი მაქვს, რომ რაც გადავიღე 20 წლის განმავლობაში, ასეთი რეპორტაჟები ქვეყანას აღარ დასჭირდება. ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება. 6 საათი უნდა ჩვენი სამშობლოს ერთი თავიდან მეორეში მისასვლელად და სულ ხუთი მილიონი ვართ. მე არ მგონია, რომ რთული იყოს ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება. მით უმეტეს, ამის რესურსი არის. მე იმედი მაქვს, რომ ეს დღე დადგება და საქართველოში უფრო მეტ მომღიმარ სახეს გადავიღებ, ვიდრე მანამდე ვიღებდი.

ნანუკა ალავიძე

2

3

4

5

6

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები