ომის შემსწავლელი დოკუმენტის ნაწილი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება

   2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა. გენერალური შტაბის უფროსმა დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ვახტანგ კაპანაძის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოს ომი სამხედრო თვალსაზრისით შეისწავლა და დოკუმენტი დასრულებულია. მისვე თქმით, მთავარია, რომ არავინ და არაფერი უნდა იყოს დავიწყებული, ვინაიდან ჩვენმა გმირებმა თავისი სისხლით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს ომის საბოლოო შედეგში.
“ახლა მიმდინარეობს დოკუმენტის შესწავლა სამინისტროში, შესაბამის უწყებებში და, ალბათ, უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ღია ნაწილი. ჩვენ არავის ბრალეულობას არ ვიკვლევდით. ჩვენ ვიკვლევდით, თუ როგორ ვითარდებოდა საომარი მოქმედებები, რამდენად სწორი იყო გარკვეული ბრძანებები, რამდენად ადეკვატური იყო შესაბამისი მოქმედებები. ასე რომ, ეს არის სამხედრო, ოპერატიულ-ტაქტიკული თვალსაზრისით შესწავლა და არა – ვინმეს ბრალეულობის დადგენა”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები