დავით არსენიშვილის აქტიური ბრძოლა ქართული კულტურის ძეგლების გადასარჩენად

რეჟისორი, თეატრის ისტორიკოსი, სამუზეუმო და საგამოფენო საქმის ერთ–ერთი პირველი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი დავით არსენიშვილი დაიბადა 1905 წლის 11 იანვარს დაბა ტყიბულში, ილია არსენიშვილისა და პრისკილე აბზიანიძის ოჯახში.

1913 წელს ჩაირიცხა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, მოგვიანებით კი სწავლობდა გაგრის, ბაქოსა და თბილისის სკოლებში.

1921-1923 წწ. განათლება მიიღო თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

1922 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის დრამატული სტუდია მსახიობ მ. ლ. როქსანოვას ხელმძღვანელობით. 1923 წლიდან კი, როგორც რეჟისორმა, მუშაობა დაიწყო პროლეტკულტის ქართულ სექტორში. ამავე პერიოდში, 1921-1923 წწ. აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „ტრიბუნასთან“.

1924-1927 წწ. იყო თბილისის თანამედროვე თეატრ სტუდიის სამეცნიერო ნაწილის ხელმძღვანელი და თეატრის ისტორიის შესახებ ლექციებსაც კითხულობდა.

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1927 წელს თბილისში დააარსა ამიერკავკასიაში პირველი სათეატრო მუზეუმი, რომლის დირექტორიც იყო 1935 წლამდე. მუზეუმის ექსპოზიციას საფუძვლად დაედო დავით არსენიშვილის მიერ მოძიებული უნიკალური საარქივო დოკუმენტები და ხელოვნების ნიმუშები. პირადი კოლექციიდან მუზეუმს მან 500-ზე მეტი ექსპონატი შესწირა. დამაარსებელს მხარი არაერთმა მამულიშვილმა აუბა და ერთი წლის შემდეგ შემოწირულობებით მუზეუმს 3000-ზე მეტი ექსპონატი დაუგროვდა.

მათ შორის იყო  მოსკოში კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებული „თავისუფალი თეატრის“ ფარდა, რომელიც 1922 წელს ელენე სუხოდოლსკაიამ (ჭავჭავაძე) საქართველოს უსახსოვრა.

დავით არსენიშვილმა უამრავი დაბრკოლება გადალახა და ძვირფასი ექსპონატი მოსკოვიდან თბილისში საკუთარი ხელით ჩამოიტანა. გარდა ამისა, მან რუსეთიდან ჩამოიტანა ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის მიერ XIX ს-ის ბოლოს გადაღებული კავკასიის არქიტექტურის ამსახველი ბრწყინვალე ფოტოსურათები, რომლებიც ფოტოგრაფის ქვრივმა გადასცა.

სათეატრო მუზეუმში დაცული მასალა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა. ექსპონატები გამოფენილი იყო კიოლნში, ბერლინში, მიუნხენში, პარიზში, ლონდონში, რომსა და ნიუ-იორკში.

1929 წელს სათეატრო მუზეუმმა მოამზადა გამოფენა „გრიბოედოვი საქართველოში“, რომელიც ბაქოსა და ერევანშიც გაიტანეს. დავით არსენიშვილის ინიციატივით ექსპოზიცია მუდმივმოქმედ გამოფენად გადაიქცა და გრიბოედოვის საფლავის გვერდით მდებარე შენობაში განთავსდა.

მოგვიანებით, დავით არსენიშვილისა და ტიციან ტაბიძის მცდელობით, საბჭოთა საქართველოს მთავრობამ ალ. გრიბოედოვისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცე ლიტერატურის მუზეუმად გამოაცხადა.

დავით არსენიშვილი კარგად ერკვეოდა სათეატრო ნაგებობების არქიტექტურაში. 1933 წელს, მოსკოვში, რევოლუციური თეატრების საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამოვიდა მოხსენებით – „ახალი თეატრის არქიტექტურა“.

1935 წლის 19 მარტს, შეთითხნილი ბრალდებით „ქალაქ ბაქოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვითნებურად და დაუკითხავად გამგზავრების“ გამო, სათეატრო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1936–1938 წლებში სწავლობდა სამხატვრო თეატრის სტუდიაში, კ. სტანისლავსკის ხელმძღვანელობით. მიიღო რეჟისორის განათლება.

1938-1942 წწ. ხელშეკრულებით მუშაობდა თბილისსა და მოსკოვში სხვადასხვა დაწესებულებებში (მუზეუმები, გამოფენები) სამხატვრო გამფორმებლად.

ამავე დროს, აქტიურ ბრძოლას განაგრძობდა დასაღუპად განწირული ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენისთვის. მისი თაოსნობითა და დახმარებით, ნგრევას გადაურჩა ანჩისხატის ტაძარი. მან იმ ეპოქისთვის წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია ქართველ „მებრძოლ უღმერთოთა კავშირს“, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის აფეთქებას მოითხოვდა.

დავით არსენიშვილი მონაწილეობდა ყოფილ კომკავშირის ხეივანში, ნარიყალასთან ახლოს, თბილისის მუზეუმის დაარსებაში, მტკვრის სანაპიროზე მდებარე როსტომ მეფის სასახლისა და თოფხანის გაწმენდასა და რესტავრაციაში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან კალისტრატე ცინცაძესთან, რომელსაც ხუროთმოძღვრების ძეგლების და საეკლესიო სიძველეთა გადარჩენასა და მოვლაში ეხმარებოდა.

1942–1949 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოში კულტურის ძეგლთა დაცვის სექტორის უფროსად, ხელმძღვანელობდა საქართველოს არქიტექტურულ ძეგლთა დაცვის სექტორს. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი მითითებით ნიღბავდნენ თბილისის არქიტექტურულ ძეგლებს, მათ შორის ეკლესიებს საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად.

1941 წლიდან, საქართველოს სამხატვრო ფონდების დავალებით, აგროვებდა თანამედროვე ქართული ხელოვნების ნიმუშებს. ამ კოლექციის საფუძველზე, 1944 წელს, თბილისში „სამხატვრო სალონი“ გაიხსნა.

1948-1950 წლებში ორგზის აირჩიეს ქ. თბილისის 183 საარჩევნო ოლქის დეპუტატად. დაჯილდოებული იყო მედლებით: „შრომითი მამაცობისთვის“ და „კავკასიის დაცვისთვის“.

დავით არსენიშვილი რამდენიმე ენას ფლობდა. სამეცნიერო სტატიებს წერდა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

1949 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით არსენიშვილი მოსკოვში გადაიყვანა უდიდესი რუსი ხატმწერის, ანდრეი რუბლიოვის სახელობის მუზეუმის დასაარსებლად. მუზეუმისთვის გამოიყო ანდრონიკეს მონასტრის თეთრი ქვით ნაშენი მაცხოვრის ტაძრის შენობა, რომელიც იმ დროისთვის გაპარტახებული იყო.

ქართველი მეცნიერი ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის პირველ დირექტორად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ანდრონიკეს მონასტრის აღდგენა-რესტავრაცია. მან თანამებრძოლებთან ერთად მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მოიძია და მუზეუმში გადაიტანა არა მარტო ანდრეი რუბლიოვისა და სხვა ხატმწერების ძვირფასი მემკვიდრეობა, არამედ საეკლესიო ლიტურგიკული ნივთებიც. ხშირად მას საკუთარი სახსრებით შორეული ციმბირიდან და ურალიდან, ურმებითა და ციგებით, მუზეუმში ძვირფასი ხატები გადმოჰქონდა.

დავით არსენიშვილმა სამუდამო დაღუპვისგან გადაარჩინა რუსული კულტურის არაერთი შედევრი და ათ წელიწადში შექმნა დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი ბიზანტიური და რუსული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრი – ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმი.

1959 წელს საბჭოთა ნომენკლატურა დავით არსენიშვილს კვლავ დაუნდობლად მოექცა. მუზეუმის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე, საბჭოთა ბიუროკრატიული აპარატის მუშაკთა უმეცრებისა და ინტრიგების გამო,  ქართველი მეცნიერი დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1960 წელს, მუზეუმის საზეიმო გახსნას, დავითი, როგორც კერძო პირი, ისე ესწრებოდა… „მომავალ კვირას ჩემი მუზეუმი იხსნება. რაც არ უნდა მოხდეს, ის მაინც ჩემია და მარადჟამს ჩემი იქნება“, – წერდა ის ახლობელს.

დავით არსენიშვილს მოსკოვში მუშაობის ათი წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართულ კულტურაზე ზრუნვა არასდროს შეუწყვეტია. მოსკოვში ჩასვლის პირველივე დღეებიდან რუსულ-ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა შესწავლა დაისახა მიზნად არქივებში დაცული ისტორიული წყაროების მიხედვით.

მოსკოვის დონის მონასტერში ქართველ მეფეთა და ლიტერატურულ მოღვაწეთა დაკარგული საფლავების გადარჩენის მიზნით, 1944 წლიდან დავით არსენიშვილმა მოაწყო მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული კოლონია მოსკოვში“.

ის პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც ასტრახანში მიაკვლია და დაღუპვას გადაარჩინა საქართველოს მეფეების – ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის საფლავები.

1955 წელს, როცა არსენიშვილი ასტრახანის კრემლში ჩავიდა, ტაძარი სამხედრო ინვენტარით იყო სავსე. მან ეკლესიის პალატში დაკრძალულ ქართველ მონარქთა საფლავების მოწესრიგების საკითხი წამოჭრა რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს წინაშე. საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ მოაწყო დაზვერვითი გათხრები, მოიძია დაკარგული საფლავები და მათი იდენტიფიცირებაც მოახერხა. მოგვიანებით საფლავები მოწესრიგდა და მემორიალური დაფები გაუკეთდა.

1955 წელს დავით არსენიშვილმა ლენინგრადის ისტორიულ არქივში აკაკი წერეთლის მანამდე უცნობი ბიოგრაფიული ცნობები გამოავლინა, კერძოდ, გაირკვა რომ პოეტი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-თათრულ განყოფილებაზე სწავლობდა, სადაც დაუწერია დისერტაცია თემაზე — „პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ორიგინალურობის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენამდე ამ ფაქტის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტაციის მოძიება ვერ ხერხდებოდა.

იმავე 1955 წელს, არსენიშვილმა პეტერბურგში ბაგრატიონების სამეფო გვარის წარმომადგენელთა და პეტერბურგის ქართული კოლონიის სხვა წევრთა საფლავებიც მოიძია. იქვე, ალექსანდრე ნეველის ლავრაში ეპიტაფიათა ნუსხა შეადგინა.

1960 წელს დავით არსენიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. გარდაიცვალა1963 წლის 16 ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები