შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მათ 200-მდე ახალგაზრდას მართლწესრიგთან დაკავშირებულ საჭირო და აქტუალურ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ახალგაზრდებმა მოისმინეს პრევენციული ხასიათის ინფორმაცია ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენისა და სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის შესახებ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები