ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლება ქუჩებში არეულობას არ დაუშვებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში ოპოზიციასა და პოლიციას შორის შეტაკებების ფონზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „ქუჩების რყევას“ არ დაუშვებს.

„სასამართლოს გადაწყვეტილების არაღიარება კანონის უზენაესობის ღიად გამოწვევას ნიშნავს. ასეთ უპასუხისმგებლობაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. ჩვენ არასდროს დავუშვებთ ქუჩებში არეულობას და ხალხის, განსაკუთრებით კი სტამბოლში მცხოვრები ჩვენი ძმების სიმშვიდის დარღვევას. არ შევეგუებით ქვეყნის მიღწევების შელახვის მიზნით მთავარ ოპოზიციაში ადგილებისთვის ბრძოლას. მკაცრად შევასრულებთ მოვალეობებს სასამართლო და ადმინისტრაციული პროცესების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის“, – თქვა ერდოღანმა მთავრობის სხდომის შემდეგ ერისადმი მიმართვაში.

2 სექტემბერს, სტამბოლის 45-ე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) სტამბოლის ფილიალის 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული ყრილობის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. სიფრთხილის ზომების სახით, ფილიალის ხელმძღვანელი, ოზგურ ჩელიკი და ხელმძღვანელობის სხვა წევრები თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამავდროულად, პარტიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა გიურსელ თეკინი, რომელიც სასამართლომ CHP-ის დროებით ხელმძღვანელად დანიშნა. ორშაბათს ღამით, პარტიის სტამბოლის ფილიალის წინ ოპოზიციის წევრებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები