მწერალი ელენე ნარსკაია იგივე ნატალია შალიკაშვილი

ნატალია (ნატო) შალიკოვა დაიბადა მოსკოვში, 1815 წლის 2 თებერვალს. მისი დიდი პაპა, თავადი ედიშერ შალიკაშვილი, შვილებთან, დავითთან და დემეტრესთან ერთად 1724 წელს ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა რუსეთში. ნატალიას მამა, მწერალი პეტრე შალიკოვი, დემეტრე შალიკაშვილის შვილიშვილი იყო. პეტრეს ცოლად ჰყავდა გარუსებული გერმანელი, მაღალი არიტოკრატიის წარმომადგენელი, ალექსანდრა თევდორეს ასული ლეისნაუ. მათ შეეძინათ ოთხი შვილი: გიორგი, ანდრია, სოფიო და ნატალია.

პეტრე შალიკაშვილის ოჯახში იკრიბებოდნენ იმდროინდელი მოსკოვის ცნობილი ადამიანები, მწერლები და პოეტები. პატარა ნატალია სტუმრებს აოცებდა თავისი პოეტური ნიჭით. ის ექსპრომტად თხზავდა ლექსებს, ერთი მოსმენით იზეპირებდა ავტორთა მიერ წაკითხულ პოეტურ ნაწარმოებებს და მათ ქებას იმსახურებდა.

ნატალია შალიკაშვილის სახელს ხშირად ვხვდებით XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსულ ლიტერატურაში. მწერალი ტ. პასეკი თავის წიგნში – „შორეული წარსულიდან“ (ტ.3. გვ. 319) იგონებს: „როცა მე დავაპირე ჟურნალის გამოცემა, დიდი მოკრძალებით ვთხოვე თავადის ასულს, ქალბატონ ნატალია შალიკოვას, ჩვენს შესანიშნავ პოეტსა და მწერალს, ყოფილიყო ჟურნალის საპატიო თანამშრომელი. ნატალია შალიკოვა გახლდათ ყველაზე კეთილშობილი, პატიოსანი, სულდიდი და ზნემაღალი ადამიანის, საუკეთესო ლიტერატორისა და თავდადებული ჟურნალისტის, დიახ, თავდადებული და ჩვენთვის მისაბაძი ჟურნალისტის, სამაგალითო რედაქტორისა და ბოლოს ისევ დიდებული ადამიანის – პეტრე შალიკოვის უმცროსი ქალიშვილი. ნატალიას არისტოკრატიული სილამაზე მოსკოვის უმაღლესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იდგა“…

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, ნატალია შალიკაშვილი წერდა „ელენე ნარსკაიას” და „ე. გორსკაიას“ ფსევდონიმით. დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მისი მხატვრული ნარკვევები: „პირველი გაცნობა სამყაროსთან“ („სოვრემენნიკი“, 1855, № 6); „კორესპონდენცია პრაღიდან“ („რუსკი ვესტნიკი“, 1870, № 28).

საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ასევე, ნატალია შალიკოვას მოთხრობებმა და რომანებმა: „ელენე“, „ოჯახური სცენები“, „ყველაფერი სიკარგისათვის“ (სამივე დაბეჭდილია „რუსკი ვესტნიკის“ 1855 წლის, მე-2, მე-10 და მე-12 ნომრებში). მწერლის მიერ გამოქვეყნებული თოთხმეტი ნაწარმოებიდან გამოირჩევა რომანები –  “ორი და” და “ლუკმა პურისათვის”.

მიუხედავად იმისა, რომ ნატალია შალიკაშვილი უმაღლეს არისტოკრატიულ წრეს ეკუთვნოდა, მისი მხატვრული ნაწარმოებები ეხება იმდროინდელი არისტოკრატიის უაზრო, ქარაფშუტულ და გარყვნილ ცხოვრებას, ადამიანების ჩამორჩენილ აზროვნებას. ავტორი გაბედულად ებრძვის მაღალ ფენებში გამეფებულ  სიმახინჯეებს, თუმცა ვერ ხედავს მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს.

მწერალი ქალის თხზულებები  პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ეხმაურებოდა. 1858 წლის „რუსკი ვესტნიკის“ №17-სა და №18-ში დაბეჭდილ მოთხრობაში –  „თავისუფალი არჩევანი“, ნატალია შალიკაშვილმა შექმნა ტიპი ქალიშვილისა, რომელიც საუკეთესოდ იყო აღზრდილი. ავტორმა თავისი განათლებული გმირი ქალი მოახვედრა მაღალი საზოგადოების ბნელ, გაუნათლებელ წრეში, დაგვიხატა მისი სულიერი განცდები და ის ზემოქმედება, რომელიც მან მოახდინა გარშემო მყოფ ადამიანებზე.

სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1876 წელს, ნატალია შალიკაშვილმა დაბეჭდა თავისი უკანასკნელი რომანი – „ლუკმა პურისათვის“, რომელშიც აღწერილია მოსკოვთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფლის მედავითნისა და მისი ოჯახის  ცხოვრება. ამ ნაწარმოებმა იმდროინდელი სალიტერატურო კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა. იწონებდნენ რომანის ენას, კოლორიტურობას და განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელმა მწერალმა ქალმა მოგვითხრო სოფლის ცხოვრებაზე და გამოამჟღავნა იქ მცხოვრები ადამიანების სულის ღრმა ცოდნა.

მწერალი დაჩაგრულთა მხარეზეა, განიცდის გლეხთა გაჭირვებას, თანაუგრძნობს მათ, ესმის არსებული ცხოვრების შეცვლის აუცილებლობა, ოღონდ რა გზით – ამას კონკრეტულად ვერ პასუხობს, ზოგ შემთხვევბაში კი ცდილობს არისტოკრატიას შეაბრალოს დაჩაგრულები, რომლებიც მათგან ელიან შვებას.

რუსეთის ისტორიაში ნატალია შალიკაშვილი პირველ ჟურნალისტ ქალად შევიდა. მის შემოქმედებას დადებითად ახასიათებდნენ – ნ. ნეკრასოვი და ნ. დობროლუბოვი. ჰქონდა მიმოწერა თ. დოსტოევსკისთან, რასაც ადასტურებს დღემდე შემორჩენილი მისი სამი წერილი (1873—1874).

ნატალია შალიკაშვილი გარდაიცვალა მოსკოვში, 1878 წლის 10 ივლისს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები