პაატა ზაქარეიშვილი განცხადებას ავრცელებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის 6 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, მომავლის შენება, საზოგადოებებს შორის გაუცხოების, დაპირისპირების დამარცხებით, მშვიდობითა და შერიგებით არის შესაძლებელი.
“კიდევ ერთი წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა, დამატებით ათასობით ადამიანი კი დევნილობაში აღმოჩნდა. 6 წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათელია, რომ ომს არ მოაქვს ის შედეგი, რომლის მიღწევასაც ომში მონაწილე მხარეები გეგმავენ. ომის ერთადერთი შედეგი ტრაგედია, ადამიანების და საზოგადოებების დაშორება ხელოვნური ბარიერებით, საცხოვრებელი სახლებიდან განდევნაა. სახელმწიფოს თითოეული მათგანის წინაშე აქვს ვალდებულება – მაქსიმალურად შეამსუბუქოს ეს შედეგები. ამის მიღწევა კი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობითა და შერიგებით არის შესაძლებელი. მშვიდობითა და შერიგებით არის შესაძლებელი მომავლის შენება და საზოგადოებებს შორის გაუცხოებისა და დაპირისპირების დამარცხება. საქართველოს მთავრობის ყველა ძალისხმევა და ქმედება მიმართულია სწორედ საზოგადოებების შერიგებისა და დაახლოებისკენ, იმ ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესებისკენ, რომლებსაც ომმა მდგომარეობაში დაუმძიმა.
ჩვენი სურვილი და მიზანია, ეს ძალისხმევა თანაბრად განაწილდეს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. ეს სურვილი და მისწრაფება არაერთხელ განაცხადა საქართველოს ხელისუფლებამ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს მთავრობა სთავაზობს არა მხოლოდ იმ თანადგომას, რასაც თავად სახელმწიფო ახორციელებს, არამედ ყველა იმ სიკეთესა და სარგებელს, რასაც ევროინტეგრაციის პროცესი და კონკრეტულად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მოგვიტანს. მათ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოში არასოდეს დაემუქრებათ საფრთხე და ექნებათ ეთნიკური თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარების სრული გარანტია. გვჯერა, რომ შევძლებთ საერთო ინტერესებზე ორიენტირებულ სახელმწიფოში ერთად ვიზრუნოთ მომავალზე და ამ მომავლისკენ მხოლოდ შერიგებისა და მშვიდობის გზას მივყავართ“, – აღნიშნულია მინისტრის განცხადებაში.