„უკრაინის პროცესების ფონზე 2008 წლის აგვისტოს ომის მნიშვნელობა ახლებურად არის გააზრებული“
აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, საერთაშორისო ასპარეზზე 2008 წლის აგვისტოს ომის მნიშვნელობა ახლებურად არის გააზრებული. აღნიშნული განცხადება არჩილ გეგეშიძემ ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც დიპლომატებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
“2008 წლის აგვისტოს დღეები ქართველი ხალხის მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება, რადგან ეს იყო კიდევ ერთი გმირული, თავდადებული, რისკიანი ნაბიჯი ჩვენი სუვერენიტეტის, თავისუფლების განმტკიცების გზაზე. დღეს, როდესაც უკრაინაში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, საერთაშორისო ასპარეზზე 2008 წლის აგვისტოს ამ დღეების მნიშვნელობა ახლებურად გაიაზრება. მაშინ, თავის დროზე, არ მიენიჭა ის მნიშვნელობა, რაც უნდა მინიჭებოდა. დღეს ყველა აცნობიერებს, რომ ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეს რომ უწოდებენ, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება აქ მცხოვრები ხალხების, სახელმწიფოების რეალური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე, ისევ და ისევ ერთი იმ წყაროდან მომდინარე საფრთხეების გამო. იმ ერთ წყაროს კარგად ვიცით, რუსეთის ფედერაცია ჰქვია”, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ გეგეშიძემ.