კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტის” და „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის” კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტის” და „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის” კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება – აპრილის თვეში, ეკონომიკური აგენტების მიერ სააგენტოსთვის წინასწარი წერილობითი შეტყობინებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებულ კონცენტრაციას.

“შედეგად, კონტროლის მომპოვებელი – „ევროპის უნივერსიტეტი” 15 000 ლარით დაჯარიმდა და დაევალა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციის წარმოდგენა.

სააგენტოს განმარტებით, „ევროპის უნივერსიტეტი” – საგანმანათლებლო, ხოლო „ჯო ენის სამედიცინო ცენტრი” – სამედიცინო სერვისების მიწოდების ბაზარზე მოქმედებს. განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა კონცენტრაციის დონე დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ბაზარზე და სამედიცინო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მიწოდების ბაზარზე.

მიღებული მონაცემების მიხედვით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ განხორციელებული კონცენტრაციის შედეგად, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი არც ერთ შესაბამის ბაზარზე არ იცვლება და კონცენტრაცია თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება შემძენ ან კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს ეკისრება.

სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ აღემატება წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 5%-ს.

ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს არ ათავისუფლებს შეტყობინების წარმოდგენისგან. სააგენტო განიხილავს კანონმდებლობის გვერდის ავლით განხორციელებულ კონცენტრაციას და იმ შემთხვევაში თუ ის მიიჩნევა დაუშვებლად, მიმართავს სასამართლოს კონცენტრაციის გაუქმების და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით.

2022 წელს, ქვეყანაში სულ 9123 კონცენტრაცია განხორციელდა. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ თანხმობა 3 კოცენტრაციაზე გასცა. ამ ეტაპზე, მიმდინარე რეჟიმშია ერთი კონცენტრაციის შესწავლის პროცესი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები