სანდრო თვალჭრელიძე: რუსეთმა თუ ომი მოიგო, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი – თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს, ის მარცხისთვის განწირულია
“ღმერთმა დაიფაროს და, რუსეთმა თუ ომი მოიგო, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი და საქართველო-უკრაინის ურთიერთობა აღარავის გაახსენდება. მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგება, თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ის მარცხისთვის განწირულია, ეს ახლა მხოლოდ დროის საკითხია”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტი ინტერვიუში გუდაურში რამდენიმე დღის მომხდარ ტრაგედიასაც ეხმაურება.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა, უპირველესად სამძიმარი მინდა ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ ქვეყანას. ახლა დავსვათ კითხვა ასე – რატომ მოდიან პარაპლანით საფრენად მაინცდამაინც საქართველოში? იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში ეს, პრაქტიკულად, ან აკრძალულია, ან ისე მკაცრად რეგულირდება, რომ მსგავსი გართობის ბიზნესად გადაქცევა არავის უღირს, ჩვენთან კი ეს სფერო სრულიად უკონტროლოა, ტურისტების მოზიდვის საშუალებად განიხილავენ… თანაც, უკვე არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა არავინ მიაქცია ამას ყურადღება, ახლა კი ამხელა ტრაგედია დატრიალდა და უცებ ყველა ამაზე ალაპარაკდა… სამწუხაროდ, ტრაგედიამდე არავინ არაფერი იღონა. თუ გვინდა ევროპასთან, კეთილი ვინებოთ და კანონმდებლობის სინქრონიზაცია მოვახდინოთ – ან შესაბამისი რეგულაციები შემოვიღოთ, ან საერთოდ ავკრძალოთ.
რაც შეეხება შვეულმფრენის თემას, არა ვარ ამ საქმეში ჩახედული, მაგრამ მეც კი ვიცი, რომ სამხედრო-სასაზღვრო შვეულმფრენს სხვა დანიშნულება აქვს. ასეთ ვიწრო ხეობაში მათი ფრენა სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს, რაც, სამწუხაროდ, ვნახეთ კიდეც… დანარჩენი რა და როგორ მოხდა, გამოიძიებენ. სამაშველო ოპერაციებისთვის სხვა ტიპის შვეულმფრენებია საჭირო. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომლის ტურისტული პოტენციალი სულ უფრო მზარდია, საქართველოში უამრავი ექსტრემალი ტურისტი ჩამოდის და სახელმწიფოს ერთი კი არა, ალბათ, რამდენიმე სამაშველო შვეულმფრენი უნდა ჰყავდეს. ამას ვამბობ როგორც რიგითი მოქალაქე, ხოლო სპეციალისტები თავიანთ სიტყვას იტყვიან. იმედია, მოუსმენენ პროფესიონალებს და მომხდარის მერე მაინც შეიცვლება სახელმწიფოს მიდგომები.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წერილს – ივანიშვილმაც ილაპარაკა ამ წერილში ომში ჩათრევის საფრთხეზე, თუმცა არაფერი დაუკონკრეტებია, დააზუსტა კელი დეგნანთან 3-საათიანი შეხვედრა როდის გაიმართა, მაგრამ არ უთქვამს, რაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, თავად ელჩისგან მოვისმინეთ, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე და მე ამის მჯერა. არ ვიცი, შესაძლოა უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, განსაკუთრებით ომის დაწყების პირველ პერიოდში, მართლაც ჰქონდა აქ მეორე ფრონტის გახსნის სურვილი, მაგრამ ეს ვერაფრით იქნებოდა ევროპის ან ამერიკის ინტერესებში. მათგან არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა, მაგრამ, ვფიქრობ, უკრაინისადმი საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებამ გარკვეულწილად გამოიწვია ურთიერთობების გართულება საქართველოსა და დასავლეთს შორის.
საქმე ისაა, რომ ამერიკასაც და ევროპასაც სურთ უკრაინისადმი დამოკიდებულება იყოს ერთიანი, სინერგიული და ამასთანავე იყოს მკაფიოდ გაცხადებული. ამას ითხოვდნენ საქართველოსგანაც. სანქციების ნაწილს საქართველო ისედაც შეერთებულია, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. უცნაურია, რომ მოლდოვისთვის არ წაუყენებიათ იმგვარი მოთხოვნები, როგორიც ჩვენთან ჰქონდათ, არადა, მასაც არ შემოუღია ორმხრივი სანქციები რუსეთისთვის. მე ამას იმით ვხსნი, რომ ჯერ ერთი, ჩვენთან უფრო ძლიერია ოპოზიცია და მეორეც, მას უკრაინაში ძალიან ძლიერი ლობი ჰყავს. სწორედ მათ იმუშავეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.
საქართველოსა და უკრაინას შორის უთანხმოება ახლა არ დაწყებულა, დაიწყო პოროშენკოს ხელისუფლების დროს, როდესაც მან ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გუბერნატორად დანიშნა. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი სილის გაწვნა იყო. შემდგომ ზელენსკიმ დააბრუნა სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არ დაივიწყა. ამიტომაც ომის დროს დაახლოებით ამგვარი მიდგომით გააგრძელეს მოქმედება, თქვენ არ გაითვალისწინეთ ჩვენი პოზიცია და ახლა ჩვენც ისე მოვიქცევით, როგორც გვაწყობსო. საბოლოოდ ამას მოჰყვა საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გამწვავება, ეს ომის თემაც “ქართულ ოცნებაში” ამიტომ აიკვიატეს – ევროპელების თუ ამერიკელების უკმაყოფილება უკრაინიდან რამდენჯერმე ნათქვამ “მეორე ფრონტის” თემას მიაბეს, თუმცა დასავლეთის ამ უკმაყოფილებას, უკრაინის საკითხის გარდა, სხვაც არაერთი მიზეზი აქვს.
ღმერთმა დაიფაროს და, რუსეთმა თუ ომი მოიგო, ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი და საქართველო-უკრაინის ურთიერთობა აღარავის გაახსენდება. მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დადგება, თუმცა, ჩემი აზრით, რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს. ის მარცხისთვის განწირულია, ეს ახლა მხოლოდ დროის საკითხია.
მე პრობლემას ვერ ვხედავ, რომ საქართველოს ხელისუფლებას პროცესების განვითარების ყველა სცენარი გაეთვალისწინებინა და ამ ომთან დაკავშირებით მოზომილი პოლიტიკა ეწარმოებინა. ამის გამო მას არავინ დაძრახავდა, მაგრამ მათი ნარატივი სხვა უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა ისეთი განცხადებების გაკეთება.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა გიორგი გახარია იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, შევთავაზე, რომ შეგვექმნა სტრატეგიული ანალიზის ცენტრი. მსგავსი ორგანო არის უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ საკმარისი არ არის. საჭიროა ცენტრი, რომლის მუშაობაშიც ჩაერთვებიან არა მარტო ვიწრო, არამედ უფრო ფართო სპექტრის პროფესიონალებიც. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მუშაობს ამგვარი ცენტრები. რა თქმა უნდა, ჩემს წერილზე არავის უპასუხია. საჭიროა ინსტიტუცია, რომელიც სტრატეგიულად დაგეგმავს ჩვენს პოლიტიკას და არა ისე, როგორც ირაკლი კობახიძე აკეთებს – დღეს კელი დეგნანი რაღაცას რომ იტყვის, 15 წუთში ის გამოვარდება და პასუხობს – ეს არის მთელი მისი პოლიტიკა. ეს არასწორია, თან დაუჟინია, დასკვნა მარტივიაო, არადა, ანალიზი და დასკვნის გამოტანაა ყველაზე რთული. ჩვენს პოლიტიკას მე შევადარებდი უთავო მხედარს მაინ რიდის ცნობილი ნაწარმოებიდან – მიქრის ცხენი და ვინც მას უნდა მართავდეს, უთავოდ არის დარჩენილი. ფაქტია, ამგვარი პოლიტიკით ქვეყანა ზიანდება, მაგრამ ეს მოცემულობაა… ეს პროცესი ან მივა უმრავლესობის დაშლამდე და არჩევნებამდე, ან მთავრობა შეიცვლება.
ჩემი აზრით, ახლა კულუარული პროცესები მიდის, ივანიშვილი მოწადინებულია თავისი პრობლემები მოაგვაროს. შემოდგომაზე ცვლილებებია მოსალოდნელი. ამას, მგონი, გრძნობენ “ქართულ ოცნებაშიც”, ბევრი უკვე ეძებს თავის ადგილს სამომავლო პოლიტიკურ კოლაჟში. ცხადია, რომ 2024 წლის არჩევნებში მათ არავითარი პერსპექტივა არა აქვთ, ამიტომ სურთ რაღაცის დაფუძნება. მათი პოზიცია ანტიდასავლური იქნება თუ პროდასავლური, არავინ იცის, რაც მთავარია, თვითონაც არ იციან. ისინი ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ, მერე ქვეყანასა და იდეოლოგიაზე. ამიტომ მძულს ქართული პოლიტიკა – ქამელეონივით შეიძლება შეიცვალონ პოლიტიკოსებმა შეხედულებები. ავიღოთ დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი იმ ცნობილი სამეულიდან. ჯერ იყო და, საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ როგორი დემარშით გამოვიდა, შემდეგ უცებ პროდასავლელი გახდა, მერე ისევ დასავლეთის გინება დაიწყო. ლერწამივით არიან, საითაც ქარი დაუბერავს, იქით იხრებიან, საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებთ. რისი მაქნისია გზა, რომელიც ტაძართან არ მიგვიყვანს?” – ხომ გახსოვთ ეს ფრაზა “მონანიებიდან”? ეს არის ის გზა, რომელზეც ვერიკო ანჯაფარიძის გმირი ლაპარაკობს და დღეს მასზე დგანან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. ისევ სრულ აბსურდში ვართ, ისევ ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. არადა, უპირველესი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია და ჩვენ რას ვხედავთ ამის სანაცვლოდ? – უარეს დაპირისპირებას, უარეს პოლარიზაციას. მეტიც, პოლიტიკოსები პირდაპირ უბიძგებენ ამისკენ საზოგადოებას. ლოგიკას თუ მივყვებით, ამ რეკომენდაციების შესრულება მთავრობის ვალდებულებაა, ამიტომ სასურველია ყველამ მთავრობასთან იმუშაოს. შეუძლიათ იჩხუბონ, იკამათონ სამუშაო ჯგუფებში და საბოლოოდ რაღაც კონსენსუსამდე მივიდნენ, მაგრამ ასე იქცევიან ევროპულ ქვეყნებში და არა საქართველოში. ისე, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც უნდა აღიარონ შეცდომები, ეს ყველაფერი დიდწილად მათ მიერ თავს მოხვეული კოჰაბიტაციის შედეგია. რა თქმა უნდა, თუ რამე არ მოგვწონს, შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ევროკავშირიც, ამერიკის ელჩიც და ასე შემდეგ, მაგრამ ისე არა, როგორც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. მათი განცხადებები ლანძღვა-გინების ზღვარზეა. ისინი არ შედიან საგნობრივ დისკუსიაში. ეს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასის ძალიან დაბალი კულტურის მაჩვენებელია.
რაც შეეხება ეკონომიკას – განსაკუთრებული არაფერი ხდება. 2020 წელს 15%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვქონდა. ახლა ამ ორმოდან ნელ-ნელა ამოვდივართ, ნელ-ნელა ვუბრუნდებით სტატუს კვოს და მერე, ალბათ, ისევ 3-5%-იან ზრდაზე ვილაპარაკებთ”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.
რაც შეეხება კითხვას: “აფხაზეთში არ ნელდება უკმაყოფილება, რაც მოჰყვა ინფორმაციას, რომ იგეგმება ბიჭვინთის აგარაკებისა და მიმდებარე ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა. საქართველოს ხელისუფლება კარგა ხანს დუმდა, ამ ორიოდე დღის წინ კი პრემიერმა ბრძანა, არ ღირს ზედმეტი ხმაურის ატეხაო”, – ექსპერტი პასუხობს, რომ მისი აზრით, ნაკლებად ხმაურის პოლიტიკა ამ ეტაპზე გამართლებულია.
“არ ვიცი, ხელისუფლებას რა და როგორ აქვს გათვლილი, მაგრამ ამ ეტაპზე ნაკლებად ხმაურის პოლიტიკა მეც გამართლებული მგონია. აფხაზები მიხვდნენ ერთ რამეს – რუსეთი მათ არსებობას უქმნის საფრთხეს. იმ აგარაკების მითვისება ძალიან დიდი დარტყმაა. ვფიქრობ, აფხაზები რაც უფრო ცხადად დაინახავენ, რა ჩიხშიც არიან მოქცეული, მით უფრო სწრაფად მოვლენ ჩვენთან. ნაწილობრივ ეს უკვე დაწყებულია, არაერთი სამედიცინო დაწესებულება ვიცი თბილისში, რომელიც გადაჭედილია აფხაზებით, რომლებიც უფასოდ მკურნალობენ ჩვენთან. ასევე არაერთი აფხაზი ახალგაზრდა სწავლობს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ჩუმი, ე.წ. ლატენტური პოლიტიკა სტრატეგიულად სწორია. კონკრეტულად ამ აგარაკებთან დაკავშირებით, ალბათ, არ იქნებოდა ურიგო ერთი განცხადება გაეკეთებინა, მაგალითად, სახელმწიფო მინისტრს. ისინი, ვინც დღეს ამისთვის აკრიტიკებენ ხელისუფლებას, უნდა დაფიქრდნენ, არ შეიძლება ყველა საკითხი გამოიყენო საკუთარი ინტერესებისთვის და სულ მზად იყო მთავრობისთვის ზურგში დანის ჩასაცემად. არის თემები, რომლებითაც მანიპულირებისას შეიძლება ეგ დანა ქვეყნის ზურგში აღმოჩნდეს”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.