თამარ გაბუნიამ ყირგიზეთისა და უზბეკეთის დელეგაციებს უმასპინძლა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ყირგიზეთისა და უზბეკეთის დელეგაციებს უმასპინძლა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სისტემებისა და ინფექციის კონტროლის სფეროს წარმომადგენლებს საქართველოში ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობა, მიღწევები და გამოცდილება გააცნო. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ტუბერკულოზის მართვის მოდელი კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტურ თანამშრომლობას ემყარება.

„აქტიური თანამშრომლობა იძლევა პაციენტების დროული გამოვლენის და ეფექტური მართვის შესაძლებლობას”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის სასწავლო ტურის ფარგლებში გაიმართა. ტურის მიზანი ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის გამოცდილების, მისი ორგანიზების და გლობალური ფონდის პროექტის დანერგვის პრინციპების შესწავლა, ასევე, უზბეკეთსა და ყირგიზეთთან ტუბერკულოზის პროგრამების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

დელეგაციების წევრები მკურნალობის მეთოდების, მათ შორის, FAST მეთოდიკის უკეთ გაცნობის მიზნით რეგიონების ტუბერკულოზის კლინიკებსაც დაათვალიერებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები