ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა
ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თვითონ შეუძლია მას. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილს.
“ ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერილი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელს გაეგზავნა. თქვენ ნახეთ, რომ სპეკულაციებისთვის გამოიყენება, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ის ჩანაწერი, რომელიც მოხვდა ევროპარლამენტის შეფასებაში დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ, ეს ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს. ამ კუთხით ევროკომისიის მხრიდან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა. მნიშვნელოვანია, ეს პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდეს იმისთვის, რომ სპეკულაციებისთვის არ დარჩეს სივრცე, ჩანაწერი არ იყოს გამოყენებული დამატებითი პოლარიზაციისთვის. ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პრემიერის წერილი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის პასუხი. რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო, მიზეზი არის ის, რომ ეს რეზოლუცია უსამართლოა. როდესაც რეზოლუცია საუბრობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ გვარამია და სააკაშვილი და დაისაჯოს ივანიშვილი, ჩალის ფასი ექნება ამ დოკუმენტს.
ბიძინა ივანიშვილს არავის დაცვა არ სჭირდება, თვითონ შეუძლია მას. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო მმართველობის სისტემის პრესტიჟის დაცვა. როდესაც საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე, ამით ზიანს აყენებენ მმართველობის სისტემას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ეს არის ჩვენი ღირსების საქმე, პრემიერის ღირსების საქმე, რომ არავის მივცეთ ასეთი დარტყმის მიყენების საშუალება მმართველობის სისტემაზე“,- განაცხადა კობახიძემ.