ქართული კინო MOMA-ში
2014 წლის სექტემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ კინოს გაიცნობს.
ქართული ფილმების ყველაზე მასშტაბურ რეტროსპექტივას ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე MoMA – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 23 სექტემბრიდან უმასპინძლებს. გახსნა დაგეგმილია 23 სექტემბერს. 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება MoMA-ს პარალელურად ბერკლიში და მოგვიანებით ვაშინგტონში გაიმართება.
ნაჩვენები იქნება დაახლოებით 45 ქართული ფილმი – როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე ახალი ქართული წარმატებული ფილმები.
პროგრამის შედგენის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ფილმების სიას თავად მასპინძელი მხარე – MoMA-ს წარმომადგენლები ადგენენ. პროექტზე მუშაობა თითქმის 25 წელი მიმდინარეობდა. ქართული ფილმების ასეთი მასშტაბური რეტროსპექტივა პარიზში პომპიდუს ცენტრის შემდეგ მსოფლიოში არ ყოფილა. ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები ნიუ – იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, კალიფორნიის უნივერსიტეტი – ბერკლი, Pacific Film Archive არიან. საქართველოდან კი რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოს საელჩო აშშ-ში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნებიან.
MoMA-ს მიერ შერჩეული ფილმების დიდი ნაწილი ამერიკის სხვადასხვა არქივში ინახება, გარკვეული ნამუშევრები საქართველოდან იგზავნებადა კინოფირების დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა არქივიში მოიძებნა, მათ შორის მოსკოვის კინოარქივში – “გოსფილმფონდი”. ნიუ – იორკში ქართული ფილმების რეტროსპექტივის გახსნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას ემთხვევა.