მესხეთის თეატრში პრემიერაა
6 და 7 აგვისტოს, 19:00 საათზე, მესხეთის (ახალციხის) პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა.
ხრისტო ბოიჩევის სპექტაკლის„მატარებელი მოდის“ რეჟისორი – იოსებ ბაკურაძეა, კომპოზიტორი – ალექსანდრე ნიკოლაძე, დამდგმელი მხატვარი – ლელა ფერაძე, კოსტიუმების მხატვარი – ნანა ყორანაშვილი, ტექნიკური რეჟისორი კი – ლარისა მალხასიანი. ფანტასმაგორიულ კომედიაში ლექსო ჩემია, ბაქარ ალავიძე, ვარლამ წიკლაური, ანა ხუბუტია, მანუჩარ გოგოლაური მონაწილეობენ.
პიესის გმირები Ana K.-ს სახელობის სადგურის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით მოხვდნენ ერთად. ყოფილი დირიჟორი, რომელიც ციხიდან ახალი გამოსულია, ძველი მასხარა, რომელსაც გაწვრთნილი დათვი გარდაეცვალა, სადგურის უფროსი, რომელმაც მთელი ცხოვრება Ana K.-ს სადგურზე გაატარა და ლოთი ქალი იძულებულნი არიან, მატარებლებიდან ნასროლი საჭმლით გაიტანონ თავი. ამ დროს მატარებლიდან აგდებენ ნასვამ ილუზიონისტ გარი გუდინის, რომლისთვისაც ცხოვრება არის წარმოდგენა ერთი კაცისთვის. კომედიისთვის დამახასიათებელი იუმორისა და ღიმილისმომგვრელი დიალოგების პარალელურად, სპექტაკლი მაყურებელს არაერთ საკითხზე დააფიქრებს.