ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბირმინჰემის სესიის დასკვნით სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან აგრესიასა და მის გავლენაზე რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ფედერაციაზე თანმიმდევრული და ძლიერი ზეწოლა გააგრძელოს, რათა მან ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს. ნიკოლოზ სამხარაძემ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანების გზაზე, საქართველოს მხარდაჭერის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მზაობაზე, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად მასტაბილიზებელი როლი შეასრულოს. მისი განცხადებით, სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო მზადაა აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს თბილისში უმასპინძლოს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ბირმინჰემში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები