არჩილ გორდულაძე: არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა
“არავითარი ორმაგი სტანდარტი აღარ არსებობს ევროპის მხრიდან, ეს არის უბრალოდ მთლიანი სტანდარტების რღვევა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დანიაში აქციის დარბევაზე საუბრისას განაცხადა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ჩვენი გუნდი არ ასრულებს გარკვეული ევრობიუროკრატების და მათ უკან მდგომი ადამიანების დავალებებს და არ ვრთავთ ჩვენს ქვეყანას მეორე ფრონტის სახით ომში, შესაძლებელია, რომ იმ აქციას, სადაც ცდილობდნენ, რომ ცოცხლად დაეწვათ სამართალდამცავები და გაენადგურებინათ პარლამენტი, უწოდონ მშვიდობიანი აქცია, ხოლო საპასუხო საპოლიციო ღონისძიებებს, დარბევა. მაშინ, როდესაც დანიაში, სადაც აბსოლუტურად მშვიდობიანად გამოხატავდნენ ადამიანები თავიანთ მოსაზრებას, შესაძლებელია, რომ ძაღლებით მიუცვივდნენ და ხელკეტებით სცემონ“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.