სანდრო თვალჭრელიძე: იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, ჩვენ მართლა უნდა გვინდოდეს ევროპისკენ სწრაფვა და ამისთვის ჩვენი კარიერული ზრახვები უნდა დავიოკოთ
“იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, ჩვენ მართლა უნდა გვინდოდეს ევროპისკენ სწრაფვა და ამისთვის ჩვენი ეგო, ჩვენი მისწრაფებები, კარიერული ზრახვები უნდა დავიოკოთ და ვითანამშრომლოთ”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს.
მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში სიტყვამ ფასი დაკარგა და საზოგადოების უმრავლესობას არც ერთი პოლიტიკოსის აღარ სჯერა.
“პირველი მოთხოვნა, რომელიც ევროკავშირმა წამოგვიყენა, და ეს არ არის ახალი, მიშელის დოკუმენტშიც წერია, დეპოლარიზაციაა. არ შეიძლება, ქვეყანა არსებობდეს ერთმანეთთან ასე მტრულად განწყობილი ჯგუფების ხელში. ასეთ რაღაცას ვხედავთ ისრაელში, მაგრამ ისრაელი ევროპა არ არის. იქ სულ სხვა ვითარებაა, სხვა ერია, რომელიც მონოლითური არ არის. ჩვენი ერი მონოლითურია და არ მესმის, რატომ არის ასეთი პოლარიზაცია. არ მესმის მეორე რაღაცაც – რატომ აძლევს თავს უფლებას ზოგიერთი პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზაცია ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით?! ქართველი ერის სახელით ლაპარაკის უფლება აქვს პარლამენტს და მის მიერ დანიშნულ მთავრობას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში არსებობს რეალური თანამშრომლობა უმრავლესობას, უმცირესობასა და სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს შორის. აქეთკენ გვიბიძგებს ევროპარლამენტი. გვეუბნება, გეყოფათ, დასხედით პარლამენტში და შევაფასოთ, რამდენად დემოკრატიული ხართო. დემოკრატია არ არის მხოლოდ უმრავლესობის აზრის დიქტატი, ეს არის მცირე ჯგუფების ინტერესების დაცვა და პატივისცემა. ჩვენ კი პარლამენტში დედის გინება და უკიდურესად ბინძური გამონათქვამები გვესმის, რასაც ევროპის ვერც ერთ პარლამენტში ვერ მოისმენთ, რადგან კანონი კრძალავს. კრძალავს ისეთი რამის თქმას, რომლის მტკიცებულება არა გაქვს, ამიტომ ხალხი ლაპარაკობს ზრდილობიანად, რაც ჩვენს პარლამენტს აკლია… ძალიან კარგია, რომ რომელიღაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთიანი ჯგუფი წარმოდგენილი გეგმის შესრულებას გააკონტროლებს. შეასრულებს თუ არა “ქართული ოცნება”, არ ვიცი, პასუხი არა მაქვს. ნათქვამია, შვილო, რატომ ტირი, გამდის და მაგიტომო. “ოცნებაც” იმას გააკეთებს, რაც გაუვა. ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ დანაპირები შეასრულოს და მკაცრად გავაკონტროლოთ, რას და როგორ აკეთებს. ვნახოთ, 5-6 თვეში როგორი შედეგები იქნება, რადგან ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში სიტყვამ ფასი დაკარგა და საზოგადოების უმრავლესობას არცერთი პოლიტიკოსის აღარ სჯერა. ეს არის ყველაზე ტრაგიკული, რაც მოხდა და ამაში დამნაშავეა ყველა. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ცუდია ის, რასაც საზოგადოებრივი ჯგუფები აკეთებენ, რადგან, როგორც კი რამეს მიაღწევენ, ეგრევე პოლიტიკაში ინაცვლებენ და ამით საზოგადოებრივი პროცესებისადმი ხალხის ნდობას კარგავენ – ანუ სწრაფვა არის ძალაუფლებისკენ და არა რეალური ევროპული ფასეულობებისკენ, რომლის მთავარი პრინციპი კანონის უზენაესობა და ადამიანის შიდა ცენზორია, რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება შენი. ჩვენთან კი კანონის უზენაესობას როგორ ვიცავთ, ვხედავთ. გაგახსენებთ, პრემიერის მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების ჩამოწერას. ეგრევე გაჩნდა ნიჰილიზმი და ასე შემდეგ… მეორეა სასამართლოს რეფორმა. ჩვენი მოსამართლეების უმეტესობამ განათლება მიიღო საბჭოთა კავშირის დროს, 90-იანი წლების მძიმე პერიოდში და ისინი მორჩილი ადამიანები არიან. კი ბატონო, ჩინჩალაძე, მურუსიძე გავუშვათ და მათ ნაცვლად ვინც მოვა, უკეთესი იქნება? მე, როგორც მოქალაქეს, არ უნდა მაინტერესებდეს, ჩემს საქმეს ვინ განიხილავს. მთავარი ის არის, მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოტანისას პოლიტიკური დაკვეთის შესრულების თუ ქრთამის აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. ასეთივე სიტუაცია იყო ამერიკაში 1930-40-იან წლებში და ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხიდან ის არის, რაც ამერიკამ მოძებნა – ეს არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ჩამოყალიბება. თუ ჩვენ სისხლის სამართლის ყველა საქმეზე მივიღებთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, ამას განსაზღვრული თანხა კი სჭირდება, ცხადია, ეს არ არის იდეალური სისტემა, მაგრამ მთავარ პრობლემას მოხსნის. რაც დამოუკიდებლობა გვაქვს, ქუჩის მექანიზმები გამოიყენება, რომელიც ორივე მხრიდან ორ, ინტუიციურ და ორგანიზაციულ დონეზე მუშაობს. ზოგან მოსახლეობის ერთ ნაწილს არ უყვარს ოპოზიცია და როგორც კი მასთან აფილირებულ ხალხს ხედავს, იწყებს მოქმედებას ყოველგვარი მითითების გარეშე, და მეორეა უკვე ამ ძალადობის მიზანმიმართულად ორგანიზება. თუმცა არა მგონია, ორგანიზების შემთხვევაშიც პირდაპირ იყოს მითითება, სცემეთ, მოკალითო და ასე შემდეგ… მაგალითად, დაავალებენ, რომ ხალხი არ უნდა მივიდეს აქციაზე. ასეთი ძალადობები უკვე ლოკალურ ინიციატივებს ჰგავს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდებოდა ყოველთვის, ყველა ხელისუფლების დროს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლებაში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ზუსტად ისეთივე სულისკვეთება აქვთ, როგორიც ყველა ჩვენგანს – ანუ კანონის უზენაესობას პატივს არ სცემენ და მიიჩნევენ, რომ რაღაც მეთოდებით და მათ შორის, ძალადობრივით შესაძლებელია საზოგადოებრივი აზრის შეცვლა. ეს ორმხრივი პროცესია, ორივე მხარე ერთნაირად ცუდად იქცევა. ეს არის არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების, არამედ საზოგადოების ნიშან-თვისება. ამიტომ, ეს პრობლემა ქვემოდან უნდა მოგვარდეს და რომ მოხვალ ხელისუფლებაში, შენ უკვე გექნება სამოქალაქო სულისკვეთება და შენი შინაგანი ცენზორი აღარ მოგცემს საშუალებას, რომ ეს გააკეთო.
მეორე პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ ძალებს ეს სიტუაცია აწყობთ. იმისთვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, ჩვენ მართლა უნდა გვინდოდეს ევროპისკენ სწრაფვა და ამისთვის ჩვენი ეგო, ჩვენი მისწრაფებები, კარიერული ზრახვები უნდა დავიოკოთ და ვითანამშრომლოთ. მაშინ, როცა ევროპისკენ სწრაფვა შენს პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, არაფერი გამოვა. ადამიანი სულიერად უნდა იყო მზად თანამშრომლობისთვის და მაშინ ყველაფერი გამოვა. ვუყურებ თუ არა ამას სკეპტიკურად, არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. თუ ევროპელები ”გვაიძულებენ”, მაშინ შესაძლებელია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ არასაჯარო სივრცეში ასეთი ზეწოლა ძალიან მწვავე და ძალიან ძლიერი იქნება და, ბოლოს და ბოლოს, “გვაიძულებენ” თანამშრომლობა შედგეს. ეს არის ჩვენი უბედურება, ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის ჩვენი შინაგანი განწყობა კი არ არის მთავარი, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ამერიკის საელჩოში მომხდარი ინციდენტი მგონია, რომ იყო ქართული სულისკვეთება, ქუჩაში რომ გამოდიან ცოტა ნასვამი ბიჭები, ჯერ ერთმანეთს რომ ეხვევიან, მერე რაღაცაზე წაკამათდებიან, იჩხუბებენ და ერთმანეთს კლავენ. ერთი მხრივ, შესაძლებელია ყოფილიყო რაღაც პროვოკაცია და მოხდა ჩხუბი. ეტყობა, სულსწრაფმა ქართულმა ტემპერამენტმა იძალა და თავი ვერ შეიკავა, თორემ რომელი ჭკუათამყოფელი გააკეთებდა ამას საელჩოში? ოხანაშვილი თავს პოლიტიკოსად თვლის და თავს ასეთ ხარაკირს რატომ გაუკეთებდა? 120 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ქართული ტემპერამენტის აბსოლუტურად უადგილო გამოხატვა, რომელმაც კანონის უზენაესობას, რომელიც შინაგანად არა გვაქვს, გადააჭარბა… მე მეჩვენება, რომ შარლ მიშელის შეთანხმებასაც და ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებსაც გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე ჩვენ გვგონია. მე მეჩვენება, რომ გვიყურებენ ეს ადამიანები და ხედავენ, რომ ქართული პოლიტიკის არსი არის “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის კინკლაობა. ეს ყველას მოჰბეზრდა იმ დონემდე, რომ პირდაპირ გვეუბნებიან, ხალხო, რას შვრებით, ჩამოდიან ევროპაში ვიღაცები, პირდაპირ სახელმწიფო ღალატიაო – ანუ ქართველი საზოგადოების ინტერესები უგულებელყოფილია პარტიული ინტერესების წინ წამოწევით. ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ერთი პროცესი მაინც გინახავთ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე, გარდა აბსოლუტურად უსუსური და სასაცილო “ფოტოგრაფების საქმისა”? აქვე ვიტყვი, რომ დეოლიგარქიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება და ოპოზიცია ტყუის, როცა ამაზე აკეთებს აქცენტს. ეს ეხება იმას, რომ ბიზნესმენებმა, რომლებსაც რაღაც სარგებლის ნახვა სურთ, არ დაიწყონ პოლიტიკური ძალების “უპრაგონოდ” დაფინანსება, რათა ყველა მეტ-ნაკლებად ერთიანი თამაშის წესებს დაექვემდებაროს და წინ წამოვიდეს ახალი სახეები, რაც ძალიან გვჭირდება. მოქმედი პოლიტიკოსები ახალს აღარაფერს ამბობენ და ამიტომაც აღარც ვუსმენ და ვკითხულობ. ასეა საზოგადოების დიდი ნაწილიც. ეს არის მორჩილი უმრავლესობა და მორჩილი უმცირესობა, რომელთაც თავში ორი აზრი არა აქვთ და თავიანთი პარტიული ლიდერის მოწოდებისა და სურვილის თანახმად მოქმედებენ. ამის შეცვლა სურთ და ცხადია, ეს სწრაფად არ გამოვა, რომი ერთ დღეში არ აშენებულა და ესეც ვერ გაკეთდება ვერც ერთ თვეში და ვერც ექვს თვეში, მაგრამ პროცესი ნელ-ნელა რომ წინ წაიწიოს, ამისთვის წამოვიდა ეს 12-პუნქტიანი გეგმაც.
ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეა ჩემი აზრით, შეუძლებელია და ძალიან ცუდი იდეაა. ვინ უნდა იყოს ტექნიკურ მთავრობაში? როგორც ამბობენ, აპოლიტიკური პირები და ამას როგორ განსაზღვრავენ? რა პრინციპით შეარჩევენ? ვის აქვს ამის მანდატი? მე გეტყვით, რომ არავის. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებზე ძალიან დაბალი შედეგები აჩვენეს და რომელ მანდატზე შეიძლება ლაპარაკი? ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც სათავეში ედგა პროცესს, ნდობის მანდატი საერთოდ არა აქვს და ქუჩაში სამასი ათასი კაციც რომ გამოიყვანონ (ეს არის მოსახლეობის დაახლოებით რვა პროცენტი), სად არის ნდობასა და ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი? ეს ყველაფერი ანტიკონსტიტუციურია. მთავრობის შეცვლის მეორე გზა არის არჩევნები და ვადამდელი არჩევნები ახლა რომ ჩატარდეს, გაცილებით დიდ უპირატესობას ისევ “ქართული ოცნება” აჩვენებს და ფიქრობენ ამაზე? თუ ვადამდელი არჩევნები უნდათ, კეთილი ინებონ და ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ და ისე ჩაატარონ. ისე რა აზრი ექნება. პრობლემა ის არის, რომ ეს არეულობის შეტანის ცდაა – მოდი, რამე ვცადოთ, იქნებ ასე გამოგვივიდეს რამეო, ეს კი აბსოლუტურად არალეგიტიმურია. მთავრობის შეცვლის ერთადერთი ვარიანტი ის არის, რომ უნდობლობა გამოუცხადონ. თუ ეს უნდათ, იმუშაონ პარლამენტში”, – განაცხადა თვალჭრელიძემ.