პუტინი კიევის ქმედებას “კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად” აფასებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კიევის მიერ დონბასის მაცხოვრებლების მიმართ გატარებულ პოლიტიკას „გენოციდს“ უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა ადეკვატური და მოქნილი სამართლებრივი რეგულირება კაცობრიობის წინააღმდეგ მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად.

ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო სამართლებრივი ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვის დროს თქვა.

პუტინი ღია დიალოგისკენ მოუწოდებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების „ადეკვატური და მოქნილი სამართლებრივი რეგულირების“ შემუშავების მიზნით.

ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებს შორის კრემლის ლიდერი კლიმატს, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას, სურსათისა და ენერგიის ბაზრების სტაბილურობის უზრუნველყოფას, სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფას, გაუვრცელებლობის რეჟიმების შენარჩუნებას, შეიარაღების კონტროლის სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებას ასახელებს.

„ყველა ეს სფერო მოითხოვს ადეკვატურ და მოქნილ საკანონმდებლო რეგულირებას, ერთობლივ მუშაობას და მაშინ არ იქნება ისეთი კრიზისები, როგორიც დღეს ხდება დონბასში, რომ დავიცვათ მისი მოსახლეობა გენოციდისგან. კიევის რეჟიმის ქმედებებს სხვა განმარტება არ აქვს, გარდა – კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულისა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინი დარწმუნებულია, რომ ”მხოლოდ საერთაშორისო სამართლის სტაბილურად დაცვით, კოლექტიურ საფუძველზე, შესაძლებელია მსოფლიოს წინაშე არსებული ურთულესი პრობლემების გადაჭრა, ყველა სახელმწიფოს სტაბილური, მდგრადი, პროგრესული განვითარების უზრუნველყოფა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები