ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობისთვის მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმები განიხილეს.
“საუბარი შეეხო წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებას. ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ცვლილებების დანერგვის საკუთარი ხედვა გაუზიარეს.
მინისტრმა უწყების მხრიდან ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის უკვე გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, ამოქმედდა გენერიკული დანიშნულების გაცემის წესი. მისივე თქმით, წამლის ფასის გაიაფების მომდევნო ეტაპისთვის, რეფორმების იმპლემენტაციაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.