როგორ ლოცულობდა სტალინის დედა – “ღმერთო, შენ შეუნდე სოსოს ამდენი სისხლი“

  “ღმერთო, შენ შეუნდე სოსოს ამდენი სისხლი“, – ამ სიტყვებით ლოცულობდა სტალინის დედა ყოველ საღამოს ძილის წინ… ლოცვას კი კეკე გელაშვილი-ჯუღაშვილის პირადი ექიმი თამარ ელიავა-ცაგურია ესწრებოდა, რომელიც დახვრეტას შემთხვევით გადაურჩა.
ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი თემურ ცაგურია „კვირას“ სტალინის დედის ცხოვრების ჯერ კიდევ გაუხმაურებელ დეტალებს უმხელს. როგორც „კვირას“ თემურ ცაგურიამ განუცხადა, თამარ ელიავა-ცაგურია წლების განმავლობაში სტალინის დედის, ეკატერინე გელაშვილი-ჯუღაშვილის პირადი ექიმი იყო და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, თუმცა ერთგული ექიმი დასახვრეტთა სიაში აღმოჩნდა. ექიმის სიცოცხლე აფხაზმა, გვარად ცაგურიამ გადაარჩინა. თემურ ცაგურიას ინფორმაციით, სტალინი დიდ უხერხულობაში იყო დედის მორწმუნეობის გამო და ამას ასაიდუმლოებდა… სწორედ ბელადის დედის სარწმუნოებისადმი დამოკიდებულება რომ არ გახმაურებულიყო, მაშინდელმა „კაგებემ“ მკურნალი ექიმის მოშორება და მისი ჩამოხრჩობა გადაწყვიტა. მისივე თქმით, დედის ლოცვას „კაგებე“ ასაიდუმლოებდა. თავად მას კი გული სწყდებოდა, რომ სოსომ ღმერთს ზურგი აქცია. ეს კი დიდ ცოდვად მიაჩნდა, რომ არ ლოცულობდა.
„დედაჩემი სტალინის დედის – კეკეს მკურნალი ექიმი იყო, მაშინ დედა ლიკანში მუშაობდა. როცა სტალინი ლიკანში ჩავიდა, დედას დიდი მადლობა გადაუხადა (ეტყობა, დედამისის თხოვნით), ხელი ჩამოართვა და ექიმობა შეუქო. დედა კეკეს არ სცილდებოდა – დილიდან საღამომდე თან ახლდა, დამეგობრდნენ. როგორც კი კეკე გაიღვიძებდა, სად არის თამარაო, კითხულობდა. ძილის წინ კი კარს ჩაკეტავდა, დედას კართან დასვამდა მეტი უსაფრთხოებისთვის, უბიდან პატარა ხატს ამოიღებდა და ლოცულობდა. ხშირად სთხოვდა ღმერთს შენდობას: ღმერთო, შენ შეუნდე სოსოს ამდენი სისხლიო, – იტყოდა ხოლმე…
რა თქმა უნდა, „კაგებისტებს“ ეს არ გამოეპარათ… მოკლედ, დედა კეკეს დააშორეს და აფხაზეთში – ახალ ათონში გამოუნახეს ექიმის ადგილი. ერთ მშვენიერ დღეს დედა სოხუმში, „ოპკომის“ პირველ მდივანთან გამოიძახეს. გვარად ცაგურია იყო – აფხაზობდა. დედას შეშფოთებული დახვდა, უჯრიდან ოფიციალური ქაღალდი ამოიღო გვარების ჩამონათვალით და დედას გადასცა: წაიკითხე – ეს დასახვრეტთა სიაა. იქ შენი გვარიცაა. დედა გაშრა… ცრემლები წამოუვიდა… კარგად მისმინე! ბევრი ლაპარაკის დრო არ მაქვს, – გააგრძელა „პარტიულმა ბოსმა“, მთელი ღამე უნდა გავათენო, სია ახლიდან უნდა გადავბეჭდო და შენი გვარი ამ სიიდან ამოვიღო… ჩემთან არასდროს აღარ მოხვიდე. ამაზე კრინტი არ დაძრა არავისთან! იმ ღამით დედას მთლიანად გაუთეთრდა თმა. „ოპკომელმა“ ცაგურიამ დანაპირები შეასრულა. დედა არავის გახსენებია… ყოველდღე შიშით ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები, ვაითუ გაგვიხსენონო… სტალინის გარდაცვალების დღეს, მახსოვს, მამამ დარაბები ჩაკეტა, დედა და მე გულში ჩაგვიხუტა – მგონია გადავრჩითო, – ჩუმად მოგვიალერსა…
ახლა, როცა დრო გავიდა, ბევრი რამ გახდა ნათელი: დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამბავი სტალინმა არ იცოდა. უბრალოდ დედას „კაგებემ“ გადაუხადა სამაგიერო იმისთვის, რომ მათ მხარეს არ დადგა. ამიტომ კეკეს მოაცილეს და “თავისი” ექიმი მიუჩინეს. ჩვენი ბინის „ზალაში“ სტალინის სურათი კიდევ დიდხანს ეკიდა მისი გარდაცვალების შემდეგ. მამამ კი ნიკიტა ხრუშჩოვის სტალინის საწინააღმდეგო არაკაცური გამოხტომების გამო გვარიანად ინერვიულა…“, – განუცხადა „კვირას“ თემურ ცაგურიამ.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები