ილია ღუდუშაური: ქართულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი მედიკამენტი იყიდება, მათი ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება
ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმა წარმატებით გრძელდება. დღეისათვის, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების რაოდენობა ქართულ ბაზარზე 400-ს აჭარბებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებულ სიახლეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე “კვირასთან” ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა ისაუბრა.
– ძირითადად, რა დანიშნულების მედიკამენტები შემოდის თურქეთიდან?
– პირველ ეტაპზე, თურქეთიდან სხვადასხვა დაავადების სამკურნალო ის მედიკამენტები შემოვიდა, რომლებიც ბაზრის გახსნამდე საქართველოში გაცილებით მაღალ ფასად იყო ხელმისაწვდომი. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, პაციენტები, ფორმა 100-ის საფუძველზე, თურქეთში თავად, როგორც კერძო პირები, ისე ყიდულობდნენ საჭირო მედიკამენტს. სწორედ ეს მოთხოვნები იქნა შესწავლილი და სწორედ ამის მიხედვით შედგა თავდაპირველი სია. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად. მედიკამენტების ჩამონათვალი სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო მეტი დასახელების მედიკამენტი შემოვა საქართველოში.
– როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს, პრემიერმინისტრის ინიციატივით, ,,გაიხსნა“ თურქეთის ბაზარი და თურქეთის რესპუბლიკა შეტანილი იქნა აღიარებითი ქვეყნების სიაში. ჯერ კიდევ აპრილის თვის დასაწყისში თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, 200-ზე მეტი მედიკამენტი იყო იმპორტირებული და მომდევნო ორ თვეში ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა. როგორ აისახება თურქეთის ბაზრის გახსნა მედიკამენტების ფასებზე და იგეგმება თუ არა სამომავლოდ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების სიის კიდევ უფრო გაფართოება?
– 2022 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება დავიწყეთ, ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიზნით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს რეფორმა ერთდროულად გულისხმობს როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების შემცირებას, ისე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა, მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას. ამ საერთო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია თურქული ბაზრის გახსნა.
დღეის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი. აღსანიშნავია, რომ რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. შედეგად, მედიკამენტებზე ფასები 60% − 80%-მდეა შემცირებული.
2022 წლის მარტიდან დღემდე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, 155 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა. ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი გადაიხადა. ჩვენი რეფორმის ერთ-ერთ- მიზანიც სწორედ ეს არის, გაიზარდოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და შემცირდეს მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები.
– როგორც ცნობილია, თურქეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული სამკურნალო საშუალებების დიდი ნაწილი წარმოადგენს გენერიკებს. არის თუ არა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების რაოდენობა საკმარისი საიმისოდ, რომ სრულად დააკმაყოფილოს ბაზარზე არსებული მოთხოვნა?
– დღეს ქართულ ბაზარზე 400-ზე მეტი დასახელების თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი იყიდება. მათი ჩამონათვალი, სამომავლოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ ბაზარი, არსებულ მოთხოვნებს სულ უფრო მეტად დააკმაყოფილებს და, რაც მთავარია, თითოეული მათგანი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.