კულტურის მინისტრის მოადგილეები კახა კანდელაკი და მანანა ბერიკაშვილი გახდნენ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მოადგილეები წარადგინა. კულტურის მინისტრის მოადგილეების პოსტს კახა კანდელაკი და მანანა ბერიკაშვილი დაიკავებენ.
სამინისტროში მოსვლისთანავე მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ უწყებაში თავის გუნდთან ერთად მოვიდოდა.
გურამ ოდიშარიას მინისტრობის პერიოდში მანანა ბერიკაშვილი და პეტრე ბაგრატიონ – გრუზინსკი იყვნენ. მიხეილ გიორგაძემ სამინისტროში მუშაობის გაგრძელება მანანა ბერიკაშვილს შესთავაზა.
კახა კანდელაკი კი საერთაშორისო საკითხებს გაუძღვება. ის მიხეილ გიორგაძესთან ერთად წლების განმავლობაში „ისთერნ ფრომოუშენში“ მუშაობდა.
„იმ საკითხებს, რაც ებარა ქალბატონ მანანას, მოცულობიდან და მათი სპეციფიკიდან და, ზოგ შემთხვევაში, იმ პრობლემატიკიდან გამომდინარე, რაც არსებობს, ჩავთვალე საჭიროდ, ქალბატონ მანანას ეს მიმართულება გაეგრძელებინა“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
მანანა ბერიკაშვილის პოსტზე დატოვება ოპოზიციურმა გუნდმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააპროტესტა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მიხეილ გიორგაძემ და მანანა ბერიკაშვილმაც გააკეთეს.
„ჩემი გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა პოლიტიკური კონიუქტურით, არამედ იმ საკითხებით და იმ პრობლემატიკით, რაც სამინისტროში დავინახე. თუ მანანასთან მიმართებით კითხვები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, არ იქნება პრობლემა, რომ ქალბატონმა მანანამ თავად გასცეს პასუხები“,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
„გიორგი ღვინიაშვილის განცხადებაზე მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. მინდა ძალიან კორექტული ვიყო, მაგრამ მაინც ვიტყვი, ეს არის მისი უმსგავსო განაცხადებები. ვისაუბრეთ, გავიარეთ კონსულტაციები და ახალმა მინისტრმა შემომთავაზა, მუშაობა გავაგრძელო ამ სამინისტროში“,-განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა.
ახალი მოადგილეები მინისტრმა კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე წარადგინა. დანარჩენი ორი მინისტრის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.