სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს თანამედროვე აღჭურვილობა გადაეცა (ვიდეო)

 დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი, მინისტრის მრჩეველი პაატა პატიაშვილი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრნენ. მათთან ერთად ცენტრში სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკის ხელმძღვანელი პიტერ ჰარში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები ქრისტოფერ რასელი და ქრისტოფერ ველჩიც იმყოფებოდნენ.
სტუმრებმა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის თანამედროვე სარეაბილიტაციო ტრენაჟორები დაათვალიერეს. თანამედროვე აღჭურვილობა საქართველოში აშშ-ის საელჩოს „დაჭრილი მეომრების პროგრამის“ ფარგლებში, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისმა (ODC) სარეაბილიტაციო ცენტრს გადასცა. რამდენიმე ათეული სარეაბილიტაციო აპარატურა 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის არის განსაზღვრული. სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ამბულატორიული მომსახურება სამოქალაქო პირებსაც გაეწევათ. სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში პაციენტებს დაეხმარებიან პროთეზისტ-ორთოპედები, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-დიეგოს პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში „ოტო ბოკის“ თანამედროვე ტექნოლოგიები შეისწავლეს. მონიტორინგის ფარგლებში სტუმრებმა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. თანამშრომლებთან შეხვედრის დროს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. მომავალში სარეაბილიტაციო ცენტრი ახალი აპარატურით სრულიად აღიჭურვება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=tihpY32g4KY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები