“ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერა ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა, ყველა სტანდარტისა და მოთხოვნის შესრულების შენარჩუნებით, ბლოკში უკრაინის შესვლას მხარი უნდა დაუჭიროს.

ამის შესახებ მან ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირს “ისტორიული პასუხისმგებლობა” აქვს, დაუჭიროს მხარი უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

“უკრაინელები ასე გაბედულად იმიტომ იბრძვიან, რომ ზუსტად იციან, როგორი მომავალი სურთ. თავისუფალი და ღია საზოგადოების მომავალი, რომელიც მიეკუთვნება საერთო დემოკრატიულ საზოგადოებას. მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ეს ისევ და ისევ მოვისმინეთ. მე მჯერა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ინტერესი, არამედ ჩვენი მორალური ვალდებულებაა, დავუშვათ მათი გაწევრიანება ევროკავშირში და გავუხსნათ მათ გზა ჩვენს კავშირში“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინაში ევროკავშირის ინვესტიციები რეფორმების გატარებასთან უნდა იყოს მჭიდრო კავშირში, თავად უკრაინამ კი გაწევრიანების აუცილებელი პირობები უნდა შეასრულოს და დააკმაყოფილოს სტანდარტები.

“მაგრამ რამდენად სწრაფად ივლის უკრაინა ევროკავშირისკენ, რა სისწრაფით – ეს დამოკიდებულია თავად ქვეყანაზე და ჩვენს მხარდაჭერაზე… ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერად ვუჭერთ მას მხარს, ვდებთ ინვესტიციებს, და ჩვენი უკრაინელი მეგობრების ხელშია, რას გააკეთებენ ისინი აქედან”, – განმარტა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები